21 მარტი

„ჩემი ხმა საზოგადოებაში“ -ამ სახელწოდების ღონისძიება გაიმართა 21 მარტს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში და იგი დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეს მიეძღვნა. გამოფენა-გაყიდვას, რომელზეც შშმ პირთა სარეაბილიტაციო ცენტრის - „თანას“ და ბათუმის განათლების, განვითარებისა და დასაქმების ცენტრთან არსებული სპეციალური საჭიროების მქონე პირთა „დღის ცენტრის“ აღსაზრდელების ნახატები და ხელნაკეთი ნივთები იყო წარმოდგენილი, მათ ავტორებთან ერთად უმაღლესი საბჭოს წევრები, აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე, ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები და საკანონმდებლო ორგანოს აპარატის თანამშრომლები ესწრებოდნენ. „თანას“ და „დღის ცენტრის“ დაახლოებით 30-მდე ბენეფიციარის ნამუშევრები, რომლებიც საკანონმდებლო ორგანოს სხდომათა დარბაზში იყო გამოფენილი, რამდენიმე წუთში გაიყიდა. უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის წევრმა ზაზა ოქუაშვილმა ყველაზე ძვირად შეფასებული ნახატი შეიძინა და „დღის ცენტრს,“ საქველმოქმედო მიზნით, საჩუქრად 300 ლარი გადაურიცხა. რამდენიმე საათი პოლიტიკის გარეშე, - ასე შეაფასა საკანონმდებლო ორგანოს ხელმძღვანელმა დავით გაბაიძემ ღონისძიება, რომლის შედეგად მიღებულმა შემოსავალმა 1000 ლარს გადააჭარბა. თანხა ორივე ცენტრის ბენეფიციარების საჭიროებებზე გაიხარჯება. „თანას“ და „დღის ცენტრის“ ხელმძღვანელებმა - ნანა საყვარელიძემ და მაია ქათამაძემ კანონმდებლებს მადლობა გადაუხადეს გულითადი მიღებისა და თანადგომისათვის. გამოფენა-გაყიდვის დასასრულს საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებმა ბავშვებს სამახსოვრო საჩუქრები და ტკბილეულობა გადასცეს.