22 მარტი

- პრობლემა, რომელზეც დღეს უნდა ვისაუბროთ, წლებია აწუხებს ჩვენს რეგიონსა და ზოგადად ქვეყანას - სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად სახელმწიფო პოლიტიკა სულ უფრო უმჯობესდება, იხვეწება და ჩვენი მიზანია, ამ მიმართულებით მაქსიმალური გაკეთდეს, რათა ადამიანები ხვალ და ზეგ კვლავ არ აღმოჩნდენენ საფრთხის წინაშე, - ასე დაიწყო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის 22 მარტის სხდომა ამავე კომისიის თავმჯდომარემ ნუგზარ სურმანიძემ, რომლის დღის წესრიგში ერთადერთი საკითხი იყო განსახილველი. კანონმდებლებმა რეგიონის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს მოუსმინეს - ზაალ მიქელაძე სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული ოჯახების უსაფრთხო საცხოვრებლით უზრუნველყოფისა და 2017 წელს განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ ინფორმაციით წარსდგა.

სხდომას, კომისიის წევრებთან ერთად, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე მერაბ კარანაძე, აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე რამაზ ჯინჭარაძე, ამავე უწყების სტიქიით დაზარალებულთა საქმეების დეპარტამენტის უფროსი დალი ქიქავა ესწრებოდნენ.

როგორც სამინისტროს წარმომადგენლებმა აღნიშნეს, 2012 წლიდან დღემდე სტიქიური მოვლენებით დაზარალებულთა დასახმარებლად არაერთი ღონისძიება განხორციელდა, 2016 წლიდან კი აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ დაიწყო „ეკომიგრანტი ოჯახების უსაფრთხო საცხოვრებლით უზრუნველოფის“ პროგრამის განხორციელება, რომელიც ამ კატეგორიის ოჯახთა ფინანსურ დახმარებას ითვალისწინებს. პროგრამის ელექტრონულ ბაზაში მათ ზარალისა და სოციალური მდგომარეობის მიხედვით მიენიჭათ პრიორიტეტულობის ქულა, რომლითაც განისაზღვრა რიგითობა. სტიქიით დაზარალებულთა საქმეების დეპარტამენტის უფროსის დალი ქიქავას განცხადებით, დაზარალების კლასიფიკაციისათვის საჭირო გახდა მოქმედი ნორმატიული ბაზის სრულყოფა, პირველად განხორციელდა ოჯახთა დიფერენცია სტიქიით დაზარალებულ ეკომიგრანტ და არაეკომიგრანტ ოჯახებად და აქედან გამომდინარე, განისაზღვრა შესაბამისი ღონისძიებებიც.

მომხსენებლის განცხადებით, 2013 წლიდან დღემდე აჭარის მთავრობა საცხოვრებელი ფართის შესყიდვის მიზნით 109 ოჯახს დაეხმარა ფინანსურად (თითოეულს 25 000 ლარის ოდენობით), 2016 წელს შესყიდულია - 96, 2017 წელს კი 23 საცხოვრებელი ფართი. ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 714-მდე ოჯახს სახლების აღდგენა, მშენებლობისა და გადატანისათვის გაეწია 5 მილიონამდე ლარის დახმარება, ხოლო საცხოვრებელი ფართებით ბათუმის, ქედის, შუახევისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტების სოციალურ სახლებში დაკმაყოფილდა 280 ოჯახი.

სამინისტროს წარმომადგენლებმა აქვე წარმოადგინეს უახლოესი გეგმებიც, რაც ბათუმში 58-ბინიანი სოციალური სახლის განაწილებას ითვალისწინებს, 72-ბინიანი სოციალური სახლი განაწილდება ხულოს მუნიციპალიტეტში, 23- ბინიანი კი ხელვაჩაურში და ა.შ.

მომხსენებლებმა ასევე ხაზგასმით ისაუბრეს სტიქიური მოვლენების თავიდან აცილებისათვის აუცილებელ პრევენციულ ღონისძიებებსა და იმ პრობლემებზე, რომლებიც ზოგადად დგას ჩვენი რეგიონისა და ქვეყნის წინაშე, მით უფრო, რომ საქართველო, მეწყრული საშიშროების თვალსაზრისით, კავკასიაში ყველაზე დიდი რისკის ზონადაა მიჩნეული, დაახლოებით 53 ათასი მეწყრული უბნით.

სამინისტროს წარმომადგენლებმა უპასუხეს კანონმდებელთა შეკითხვებს და მოისმინეს მათი რეკომენდაციებიც, რომლებიც ამ მხრივ დაგეგმილ ღონისძიებების ეფექტურობაზეა გათვლილი. ითქვა ეკომიგრანტთა ჩასახლების ადგილებში ერთობლივი სამუშაო შეხვედრების აუცილებლობაზე და ამ მხრივ შესაბამისი ნაბიჯები უახლოეს მომავალში გადაიდგმება.

კანონმდებლებმა მინისტრისა და უწყების წარმომადგენელთა ინფორმაცია ცნობად მიიღეს.