21 დეკემბერი

      აჭარის 2018 წლის ბიუჯეტის კანონის პროექტი 15 ხმით 5-ის წინააღმდეგ დამტკიცებულია. გადაწყვეტილება კანონმდებლებმა უმაღლესი საბჭოს 21 დეკემბრის საშემოდგომო სესიის ბოლო პლენარულ სხდომაზე მიიღეს, რომელსაც საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე უძღვებოდა. თუმცა, დღის წესრიგით გათვალისწინებული ორი საკითხის განხილვამდე, დეპუტატებმა განცხადებები გააკეთეს და საქართველოს პარლამენტში წინა დღეს განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურნენ. უმაღლესი საბჭოს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა უარყოფითად შეაფასეს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ქმედება, ზოგადად ქვეყანაში მიმდინარე პროცესები და მმართველი გუნდისაგან მომხდარი ინციდენტის შეფასება მოითხოვეს. ოპოზიციის პროტესტი არ გაიზიარა უმრავლესობამ, რასაც კამათი მოჰყვა.

      უმცირესობამ მმართველ გუნდს სხდომაზე მთავრობის თავმჯდომარისა და მთავრობის წევრების არყოფნის გამოც უსაყვედურა, რაზეც უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პასუხი მიიღეს - დავით გაბაიძის განმარტებით, მთავრობის თავმჯდომარემ, კანონმდებლობის სრული დაცვით, ბიუჯეტის პროექტზე მომხსენებლად ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი წარადგინა. რაც შეეხება მთავრობის სხვა წევრებს, მისივე თქმით, რეგლამენტი განხილვის პროცედურებში მათ ჩართულობას არ ითვალისწინებს.

      განცხადებების დასრულების შემდეგ დღის წესრიგის პირველი საკითხი - „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2018 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ კანონის პროექტი და ავტონომიური რესპუბლიკის 2018-2021 წლების პრიორიტეტების დოკუმენტი ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა რამაზ ბოლქვაძემ წარმოადგინა. მისი განცხადებით, ბიუჯეტის კანონის პროექტის გადამუშავებულ ვარიანტში  რეგიონის მთავრობამ გაითვალისწინა უმაღლესი საბჭოს მიერ გამოთქმული შენიშვნებისა და წინადადებების მნიშვნელოვანი ნაწილი, ხოლო დარჩენილ ნაწილთან დაკავშირებით, წარმოადგინა სათანადო დასკვნები.

      რამაზ ბოლქვაძის განცხადებით, ბიუჯეტის გადამუშავებული პროექტის თანახმად, 2018 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტი  355 000,0 ათასი ლარით განისაზღვრა და იგი ითვალისწინებს მნიშვნელოვანი რესურსების გამოყოფას სხვადასხვა სფეროებზე, რიგი პროგრამებისა და პროექტების განხორციელებაზე, რაც, საბოლოო ჯამში, მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.

      კანონის პროექტის თანახმად, ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსთვის 45 595, 7 ათასი ლარია გათვალისწინებული, განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთვის - 50 269, 6 ათასი ლარი, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო მომავალ წელს სხვადასხვა პროგრამის განსახორციელებლად 15 765, 8 ათასი ლარით, სოფლის მეურნეობის სამინისტრო კი - 12 885, 2 ათასი ლარით დაფინანსდება. მინისტრის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ  კანონის პროექტის გადამუშავებულ ვარიანტში გაზრდილია მუნიციპალიტეტების დაფინანსება, რაც აჭარის უმაღლესი საბჭოს ერთ-ერთი ძირითადი მოთხოვნა იყო.

      სხდომაზე თანამომხსენებლის სტატუსით წარსდგნენ - უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე გიორგი რომანაძე და აუდიტის სამსახურის დეპარტამენტის უფროსი აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში კახაბერ კირტავა. მათი განცხადებით,  2018 წლის ბიუჯეტის კანონის პროექტი და 2018-2021 წლების პრიორიტეტების დოკუმენტი კანონმდებლობის შესაბამისადაა მომზადებული. გიორგი რომანაძემ კოლეგებს პროექტის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

      უმაღლესი საბჭოს დარგობრივი კომისიების, ფრაქციების წარმომადგენლებისა და ცალკეული დეპუტატების გამოსვლების შემდეგ, მინისტრმა უპასუხა შეკითხვებს და პუნქტობრივად ისაუბრა იმ შენიშვნებზე, რომლებიც, გარკვეული მოტივაციით, ვერ აისახა კანონის პროექტის გადამუშავებულ ვარიანტში. უმცირესობა, კერძოდ, ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის პასუხებით უკმაყოფილო დარჩა - ოპოზიციამ ხელისუფლება მათი შენიშვნებისა და მოსახლეობის ინტერესების იგნორირებაში დაადანაშაულა.

     საბოლოოდ, კანონის პროექტსა და მის თანამდევ პრიორიტეტების დოკუმენტს - 21 დეპუტატიდან მხარი 15-მა დაუჭირა, 5 წინააღმდეგი აღმოჩნდა, ერთი კი კენჭისყრაში არ მონაწილეობდა.

     კანონმდებლებმა საშემოდგომო სესიის ბოლო პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით განიხილეს და გამოთქმული რედაქციული შენიშვნის გათვალისწინებით მიიღეს უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის პროექტი - „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“, რომელიც საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ ნინო ჩხეტიამ წარმოადგინა.

     პლენარული სხდომა, რომელსაც მოსწავლეები, სტუდენტები და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, 6 საათს გაგრძელდა და სახელმწიფო ჰიმნით დასრულდა - უმაღლესი საბჭოს საშემოდგომო სესია ოფიციალურად დაიხურა.