09 დეკემბერი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი ქვემო სილეზიაში გრძელდება. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ და დელეგაციის წევრებმა ნინო ჩხეტიამ, გიორგი რომანაძემ, ნუგზარ სურმანიძემ, ილია ვერძაძემ, დავით თედორაძემ და ბათუმის საკრებულოს წევრმა მიხეილ ართმელაძემ ქ. კარპაჩის ინდუსტრიულ ფორუმში მიიღეს მონაწილეობა. 


დავით გაბაიძემ ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და წარუდგინა როგორც აჭარაში არსებულ საინვესტიციო გარემოს შესახებ პრეზენტაცია, ასევე, რეგიონის სარეკლამო ვიდეორგოლი. ფორუმს ესწრებოდა გიორგი აბაშიშვილი, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი პოლონეთის რესპუბლიკაში, ილია დარჩიაშვილი, რომელმაც ადგილობრივ პოლიტიკოსებს და ბიზნესის წარმომადგენლებს საქართველოს საინვესტიციო პოტენციალის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. 


კარპაჩის ინდუსტრიული ფორუმი წარმოადგენს საკომუნიკაციო პლატფორმას ევროპელი მეწარმეებისა და პოლიტიკოსებისათვის, სადაც შესაძლებელია დაინტერესებული მხარეებისთვის მრავალმხრივი პროექტების დაგეგმვა და საქმიანი კონტაქტების დამყარება. ღონისძიების ორგანიზატორები არიან ქვემო სილეზიის რეგიონის მთავრობა და პოლონეთის რესპუბლიკის განვითარების სამინისტრო.


უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე უკვე შეხვდა ქვემო სილეზიის როგორც საკანონმდებლო, ასევე აღმასრულებელი ხელისუფლების პირველ პირებს. რეგიონული პარლამენტის საგანგებო სესიაზე დავით გაბაიძემ სიტყვით მიმართა დეპუტატებს. გარდა ამისა, გაიმართა დარგობრივი ორმხრივი შეხვედრები აჭარის უმაღლესი საბჭოსა და ქვემო სილეზიის რეგიონული პარლამენტის დეპუტატებს შორის სამომავლო თანამშრომლობისა და კონკრეტული სამოქმედო გეგმის განხილვის მიზნით. ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრებმა მოინახულეს სილეზიის ონკოლოგიის ცენტრი და სტრატეგიული დაგეგმვის ინსტიტუტი.

განცხადებები