21 ნოემბერი

     უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის 21 ნოემბრის სხდომაზე, რომელსაც ამავე კომისიის თავმჯდომარე ნუგზარ სურმანიძე უძღვებოდა, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს მოუსმინეს - ზაალ მიქელაძემ უწყების 2018 წლის პროგრამების პროექტები წარმოადგინა.

     სხდომას უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, ვიცე-სპიკერი მერაბ კარანაძე,  ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ზურაბ თენიეშვილი, სამინისტროს საქვეუწყებო და  რეგიონის სამედიცინო დაწესებულებების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.

     დავით გაბაიძემ სხდომის მონაწილეებს უმაღლეს საბჭოსთან თანამშრომლობისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ მედიკოსების შენიშვნებსა და წინადადებებს კანონმდებლები აღმასრულებელ ხელისუფლებას მიაწვდიან მათი ბიუჯეტის პროექტში ასახვის მიზნით.

     მინისტრის განცხადებით, სამინისტროს  მომავალი წლის პროგრამული ბიუჯეტი 13 085 745 ლარია და იგი 33 მიზნობრივ პროგრამაზეა გათვალისწინებული, რომელთაგან 7 ახალია. მომხსენებელმა ისაუბრა სიახლეებზე და უპასუხა სხდომის მონაწილეთა შეკითხვებს. წარმოდგენილი ინფორმაცია კომისიამ ცნობად მიიღო.

       სამედიცინო დაწესებულებებში მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია სხდომაზე ნუგზარ სურმანიძემ წარმოადგინა. სამინისტროსა და სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენლებმა ისაუბრეს დღეს არსებულ პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე.

        სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული 2 საკითხი განიხილეს.