17 ნოემბერი

     უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, ვიცე-სპიკერი მერაბ კარანაძე, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ვლადიმერ მგალობლიშვილი, ფრაქცია „ქართული ოცნება - მაჟორიტარების“ თავმჯდომარე ილია ვერძაძე,  სტუდენტთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, აჭარაში მოქმედი უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებს შეხვდნენ და დღესასწაული მიულოცეს.

    როგორც დავით გაბაიძემ თავის მისასალმებელ სიტყვაში აღნიშნა, სტუდენტობა დღეს არა მხოლოდ ცოდნასთან, არამედ წინსვლასა და ქვეყნის წარმატებულ მომავალთან ასოცირდება. მან  ახალგაზრდებს საკანონმდებლო ორგანოს ფუნქცია, მისი სტრუქტურა და საქმიანობის ძირითადი პრინციპები გააცნო.

      უმაღლესი საბჭოს წევრებმა შეხვედრის მონაწილეებთან მათთვის საინტერესო საკითხებზე ისაუბრეს და უპასუხეს მათ შეკითხვებს.

      სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ გამოეხატათ თავიანთი მოსაზრებები სხვადასხვა საკითხზე და ღია ლექციების  პერიოდულად ჩატარების სურვილი გამოთქვეს. მათ კანონმდებლებს მადლობა გადაუხადეს საინტერესო შეხვედრისათვის.

      ცნობისათვის: სტუდენტთა საერთაშორისო დღე 1946 წლის 17 ნოემბერს, პრაღაში, სტუდენტთა საერთაშორისო კონგრესზე, ფაშისტების მიერ დახვრეტილი ჩეხი პატრიოტი სტუდენტების ხსოვნის ნიშნად დაწესდა.