უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა და საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიების გაერთიანებულ სხდომაზე, რომელსაც იურიდიული კომისიის თავმჯდომარის მოადგილე დავით ბაციკაძე უძღვებოდა, დღის წესრიგით გათვალისწინებული ორი საკითხი განიხილეს.
ვიდრე საკითხების განხილვა დაიწყებოდა, ფრაქცია " ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა - გია აბულაძემ და ელგუჯა ბაგრატიონმა მოითხოვეს, რომ მომავალი წლის ბიუჯეტის პრიორიტეტები და განვლილი სამი კვარტლის შესრულების ანგარიში დეპუტატებისთვის არა მინისტრს, არამედ მთავრობის თავმჯდომარეს წარედგინა. ასევე მიზანშეწონილად არ ჩათვალეს ასეთი მოცულობითი საფინანსო დოკუმენტების ერთდროულად განხილვა.
უმრავლესობამ ეს მოსაზრება არ გაიზიარა და ორივე საკითხი: 1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის პროექტი "აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2018 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ" და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2018-2021 წლების პრიორიტეტების დოკუმენტი 2. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2017 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის სამი კვარტლის შესრულების მიმოხილვა, კომისიებს ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა რამაზ ბოლქვაძემ გააცნო.
ხანგრძლივი განხილვისა და მსჯელობის შემდეგ ოპოზოციას კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია.
კომისიებმა ხმათა უმრავლესობით მხარი დაუჭირეს წარმოდგენილ კანონის პროექტს, პრიორიტეტების დოკუმენტს და ცნობად მიიღეს ბიუჯეტის სამი კვარტლის შესრულების მიმოხილვა.