24 მარტი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის თავმჯდომარეები - დავით გაბაიძე და ზურაბ პატარაძე 24 მარტს, საქართველოს პარლამენტის თბილისის სასახლეში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის 100 წლისთავისადმი მიძღვნილ კონფერეციას დაესწრნენ.

კონფერენციის მონაწილეებს მისასლმებელი სიტყვით მიმართეს: საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ, საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და დიპლომატიური კორპუსის დაუენმა საქართველოში - მონსინიორ მარეკ სოლჩინსკიმ.

თითოეულმა გამომსვლელმა ხაზგასმით ისაუბრა ქართული ეკლესიის ავტოკეფალიისა და ქვეყნის დამოუკიდებლობის ურთიერთკავშირსა და მნიშვნელობაზე. როგორც ცნობილია, ქართულმა ეკლესიამ ავტოკეფალია 1917 წელს, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებამდე ერთი წლით ადრე აღიდგინა. სიმბოლურია ისიც, რომ როგორც ეკლესიამ, ისე თავად ჩვენმა სახელმწიფომ საკმაოდ რთული გზა გაიარეს და საბოლოოდ, 1990 წელს ანუ საქართველოს დამოუკიდებლობის ხელახალ აღდგენამდე ისევ ერთი წლით ადრე, მსოფლიო პატრიარქმა ხელი მოაწერა ქართული ეკლესიის ავტოკეფალიისა და დამოუკიდებლობის დოკუმენტს.

კონფერენციის მონაწილეთა წინაშე სპეციალური მოხსენებებით წარსდგნენ: მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი მეუფე ანანია (ჯაფარიძე), საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი როინ მეტრეველი, საქართველოს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე და მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი ზაქარია ქუცნაშვილი.

კონფერენციის მონაწილეები დალოცა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ: -ავტოკეფალია, ეს დიდი მონაპოვარია, დიდი ძალაა, რომერლიც ეძლევა ამა თუ იმ ერს და მე-5 საუკუნეში, როცა ვახტანგ გორგასალმა მოიპოვა ავტოკეფალია, ეს იყო დასაწყისი ამ დიდი მადლისა, - აღნიშნა უწმინდესმა. მან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად ხატი უსახსოვრა.

კონფერენციის მონაწილეებმა დაათვალიერეს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მიერ ორგანიზებული გამოფენა, რომელიც ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის 100 წლისთავს მიეძღვნა. ღონისძიებას საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, წმინდა სინოდის წევრები და სხვადასხვა კონფესიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.