15 ნოემბერი

       უმაღლესი საბჭოს აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა კომისიის 15 ნოემბრის სხდომაზე, რომელსაც ამავე კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ წულაძე უძღვებოდა, დღის წესრიგით გათვალისწინებული სამი საკითხი განიხილეს.

       აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის პროექტი - „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2018 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2018-2021 წლების პრიორიტეტების დოკუმენტი  ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა რამაზ ბოლქვაძემ წარმოადგინა. მისი განცხადებით, მომავალი წლის ბიუჯეტი 351 მილიონი ლარითაა განსაზღვრული და იგი ყველა მიმართულებით სიახლეებს გვთავაზობს. მომავალი წლისთვის გათვალისწინებულია ბათუმის ესტაკადის, გზების, ხიდების, ბათუმის სტადიონის, სასპორტო სკოლის მშენებლობა, მაღალმთიანი აჭარის გაზიფიცირება. იზრდება ჯანდაცვისა და სოციალური სფეროს, უმაღლესი სასწავლებლების დაფინანსება, ახალი პროგრამები განხორციელდება სოფლის მეურნეობის მიმართულებით და ა.შ.

     მინისტრმა უპასუხა კანონმდებელთა შეკითხვებს, მოისმინა მათი წინადადებები, შენიშვნები, მოსაზრებები. კომისიამ წარმოდგენილი საკითხი ცნობად მიიღო.

     კანონმდებლებმა ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღეს რამაზ ბოლქვაძის მიერ წარმოდგენილ მომდევნო საკითხთან დაკავშირებითაც - ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა 2017 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის სამი კვარტლის შესრულების შესახებ ისაუბრა. მისი განცხადებით, საანგარიშო პერიოდში ბიუჯეტი გადაჭარბებით შესრულდა.

      სხდომაზე საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით მომზადებული საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე კომისიის თავმჯდომარემ ვახტანგ წულაძემ წარმოადგინა.

       დეპუტატებს შენიშვნები და წინადადებები არ გამოუთქვამთ. კომისიამ ინიციატივა ცნობად მიიღო.