28 მარტი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 28 მარტის ბიუროს რიგით მე-9 სხდომა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის განცხადებით დაიწყო. დავით გაბაიძე ჩვენი ქვეყნისათვის ვიზალიბერალიზაციის ამოქმედების საკითხს გამოეხმაურა და ყველას მიულოცა საქართველოსათვის ძალზე მნიშვნელოვანი, ისტორიული ნაბიჯის გადადგმა. მან მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც თუნდაც მცირედი წვლილი შეიტანა ამ მნიშვნელოვან და სასიკეთო საქმეში.

დავით გაბაიძის განცხადების შემდეგ, კანონმდებლები დღის წესრიგით გათვალისწინებული სამი საკითხის განიხილვას შეუდგნენ.

საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ“ კანონის პროექტსა და „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ საკანონმდებლო ორგანოს რეგლამენტის პროექტს მოიცავს, სხდომაზე საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ ნინო ჩხეტიამ წარმოადგინა. საკანონმდებლო პაკეტის განხილვისათვის ბიურომ ვადა წამყვან კომისიას 14 აპრილამდე, სხვებს კი 11 აპრილამდე განუსაზღვრა.

ბიუროს გადაწყვეტილებით, საკანონმდებლო ორგანოს კომისიებსა და ფრაქციებში განსახილველად ჩაეშვა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დადგენილების პროექტი „ ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე“ საკანონმდებლო ინიციატივის წარდგენის შესახებ. საკითხი ბიუროს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, კანონპროექტის ავტორმა გია აბულაძემ წარუდგინა. ბიურომ განსაზღვრა წამყვანი კომისია და პროექტის განხილვის ვადები.

უმაღლეს საბჭოში კიდევ ერთ კანონპროექტთან დაკავშირებით იწყება განხილვის პროცედურები - „ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო -სამრეწველო პალატის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში შესატანი ცვლილების პროექტი, რომლის ავტორები უმაღლესი საბჭოს წევრები დავით გაბაიძე და ნინო ჩხეტია არიან, სხდომაზე დავით გაბაიძემ წარმოადგინა. განისაზღვრა წამყვანი კომისია და განხილვის ვადები. მომხსენებელმა ბიუროს კანონპროექტის გამარტივებული წესით განიხილვის წინადადებით მიმართა.

განცხადებები