28 მარტი

28 მარტი საქართველოსთვის ისტორიული დღეა - დღეიდან ძალაში შევიდა და ამოქმედდა ევროკავშირის-შენგენის წევრ ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის რეჟიმი.

ჩვენი წინაპრები საუკუნეების მანძილზე ცდილობდნენ გაეღოთ ფანჯარა ევროპაში. ქართველი მეფეების, საზოგადო მოღვაწეების მცდელობის არაერთი ფაქტი შემოგვინახა ისტორიამ და დღეს, არათუ ფანჯარა, არამედ ევროპის კარი ფართოდ გაიღო ჩვენი ქვეყნისათვის. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ყველა საჯარო მოხელეს, ყველა იმ ადამიანს, ვინც თუნდაც მცირედი წვლილი შეიტანა ამ მნიშვნელოვან საქმეში.

ახლა მთავარია, ამ ღია კარში ღირსეულად შევაბიჯოთ და ასევე ღირსეულად წარმოვაჩინოთ საქართველო, ქვეყანა, რომელიც თავისი წარსულით, აწმყოთი, უკეთესი მომავლისკენ სწრაფვით და ღირებულებებით უდავოდ იმსახურებს ამას.

მინდა დღევანდელი დღე მივულოცო საქართველოს ყველა მოქალაქეს, ჩვენი ქვეყნის ყველა გულშემატკივარს - ჩვენ ახლა თამამად შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ საქართველო ევროპული ოჯახის ღირსეული წევრია.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე