07 ოქტომბერი

                             

        7 ოქტომბერს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, სასტუმრო „რედისონში“ საერთაშორისო სავაჭრო პალატის საქართველოს ეროვნული კომიტეტის მიერ ორგანიზებული ტრენინგების მეორე ეტაპის გახსნის ცერემონიას დაესწრო.

       ტრენინგების სერია სახელწოდებით - "Incoterms 2010 და კერძო და საჯარო სექტორს შორის დიალოგი" ევროკავშირის დაფინანსებით მიმდინარე პროექტის „მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარება და DCFTA საქართველოში“ მხარდაჭერით იმართება და განკუთვნილია საერთაშორისო სავაჭრო გარიგებების სფეროში მომუშავე მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებისათვის.

         აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ თავის მისასალმებელ სიტყვაში კერძო და საჯარო სექტორს შორის დიალოგისა და საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობებში მათი ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. დავით გაბაიძემ ყურადღება გაამახვილა ამ მხრივ ჩვენი რეგიონისათვის საინტერესო მიმართულებებზე და ტრენინგების მონაწილეებს წარმატებები უსურვა.  

       ტრენინგების სერიის პირველი ეტაპი, რომელსაც 23-24 სექტემბერს ბათუმი მასპინძლობდა, საერთაშორისო ექსპერტების შეფასებებით, წარმოადგენს ერთგვარ პლატფორმას, რომლის მიზანი საჯარო და კერძო სექტორს შორის დიალოგის გაუმჯობესება და ასევე, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის პროფესიული განვითარების ხელშეწყობაა.