30 მარტი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის მორიგი გასვლითი სხდომა 30 მარტს შუახევის მუნიციპალიტეტში გაიმართა. მაღალმთიანეთის პირველადი ჯანდაცვის ცენტრების ექიმები, რაიონული საავადმყოფოს სამედიცინო პერსონალი და მუნიციპალიტეტის გამგეობის სოფლის რწმუნებულები აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს 2016 წლის პროგრამების შესრულების ანგარიშსა და 2017 წლის პროგრამების შესახებ ვრცელ ინფორმაციას უშუალოდ რეგიონის ჯანდაცვის მინისტრისა და საკანონმდებლო ორგანოს წევრების დახმარებით გაეცნენ.

გასვლით სხდომას ესწრებოდნენ: აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე მერაბ კარანაძე, ზემო აჭარის მაჟორიტარი დეპუტატები საქართველოს პარლამენტსა და აჭარის უმაღლეს საბჭოში - ანზორ ბოლქვაძე და ხვიჩა შარაშიძე, ამავე კომისიის წევრები, საკანონმდებლო ორგანოს აპარატის თანამშრომლები, მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის წარმომადგენლები.

შეკრებილებს მიესალმნენ: შუახევის მუნიციპალიტეტის გამგებელი ტარიელ ებრალიძე, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე მერაბ კარანაძე და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ნუგზარ სურმანიძე. მათ სხდომის მონაწილეებს ჩვენი ქვეყნისათვის მნიშვნელოვანი მოვლენა - ევროპაში უვიზო მიმოსვლის რეჟიმის ამოქმედება მიულოცეს და საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელთა მიერ სახელმწიფო პროგრამების შესახებ მოსახლეობის ინფორმირებულობის აუცილებლობაზე ისაუბრეს.

როგორც აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ აღნიშნა, სამინისტროს 2017 წლის ბიუჯეტი 14, 562, 900 ლარია და აქედან პროგრამული ნაწილი 11 829 990 ლარით განისაზღვრება. წელს სამინისტრო და მასზე დაქვემდებარებული უწყებები 25 პროგრამას ახორციელებენ და მათ შორისაა სიახლეებიც. კერძოდ:  წელს პირველად ხორციელდება „მოზრდილი მოსახლეობის სამედიცინო რეაბილიტაციის“ პროგრამა. მიზანი: პაციენტის ნებისმიერი ორგანული სისტემის დაავადებით, ან დაზიანებით განპირობებული უუნარობის მკურნალობა (ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის გზით), ორგანიზმის ფუნქციური მდგომარეობის აღდგენა/გაუმჯობესებაა. პროგრამა გათვლილია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ოჯახების წევრებზე, რომლებსაც მინიჭებული აქვთ 200 000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულა, ასევე, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე,ომის ვეტერანებსა და ტერიტორიული მთლიანობისათვის ომებში მონაწილეებზე. დაფინანსების წლიური ლიმიტი 5000 ლარია.

 „მოსახლეობის ინდივიდუალური სამედიცინო დახმარების“ პროგრამის ფარგლებში მოქალაქეებს, რომელთაც ესაჭიროებათ ღვიძლის ტრანსპლანტაცია, ერთჯერადად გამოეყოფათ 50 000 ლარი. მინისტრის განცხადებით, წლის განმავლობაში რიგითობისა და მოცდის პრინციპის დაცვით დაფინანსდება 5 პაციენტი.  „ზოგიერთი სოციალური კატეგორიის მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსების“ პროგრამას წელს ბენეფიციარებად დაემატება ყველა შშმ პირი.

 100 ათასი ლარით იზრდება „ონკოლოგიურ პაციენტთა დამატებითი სამედიცინო მომსახურების“ პროგრამის ბიუჯეტი, რაც ზაალ მიქელაძის განმარტებით, პაციენტთა მაღალი მომართვიანობითაა განპირობებული.  გარდა ამისა, დადასტურებული ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე პაციენტებს სამინისტრო გეგმიური ქირურგიული ოპერაციების თანაგადახდას 30%-ით უფინანსებს.

ზაალ მიქელაძის განცხადებით, 2016 წელს აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს პროგრამების ფარგლებში სხვადასხვა სახის სერვისით ისარგებლა 57,06 ბენეფიციარმა. აქედან, ჯანმრთელობის დაცვის პროგრამებით - 6,662-მა და ეს მონაცემი 2015 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 28%-ით მეტია. სოციალური დაცვის პროგრამებში ჩართული იყო 2,280-ბენეფიციარი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროგრამებში - 48,007, დასაქმების სააგენტოს პროგრამებით გადამზადდა -120 ბენეფიციარი. მომხსენებლის განცხადებით, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროგრამებით უკვე ისარგებლა 555-მა შუახეველმა.

მინისტრმა და უმაღლესი საბჭოს წევრებმა უპასუხეს შეკრებილთა შეკითხვებს, გაეცნენ მათ პრობლემებს და გარკვეული საკითხების მოგვარებას დაჰპირდნენ.

სხდომის მონაწილეებს, მოსახლეობის უკეთ ინფორმირების მიზნით, გასავრცელებლად და სამედიცინო დაწესებულებში გამოსაქვეყნებლად, დაურიგდათ, სამინისტროს 2017 წლის პროგრამების ამსახველი საინფორმაციო მასალები. აქვე, შუახევის მუნიციპალიტეტსა და აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს შორის გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი.

გასვლითი სხდომის მონაწილეებმა დაათვალიერეს მუნიციპალიტეტის სამედიცინო დაწესებულებები. გარდა ამისა, ამავე დღეს შუახევის მცხოვრებლებს კორპორაცია „ევექსის“ საავადმყოფოში უფასო სამედიცინო გამოკვლევები და კონსულტაციები ჩაუტარდათ.