07 აპრილი

2017 წლის 7 აპრილს, 9 საათზე ბათუმში, სასტუმრო „ეიფორიაში“ „სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და საოჯახო მედიცინის საერთაშორისო სიმპოზიუმი“ გაიხსნა. გახსნის საზეიმო ცერემონიას ესწრებოდნენ: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ნუგზარ სურმანიძე, აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე, საქართველო-თურქეთის დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და სხვა ოფიციალური პირები.

სიმპოზიუმის მიზანი შავიზღვისპირეთის ქვეყნების ექიმთა გამოცდილების გაზიარება და თანამშრომლობის სფეროების გაფართოებაა. მასში მონაწილეობენ შავი ზღვის აუზის რამდენიმე ქვეყნის ოჯახის, სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და ემერჯენსის ექიმები.

საერთაშორისო ფორუმი გახსნა ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტის (BAU) რექტორმა, ცნობილმა ექიმმა ისმეთ დინდარმა (მიქელაძე).

სიმპოზიუმის გახსნის საზეიმო ცერემონიის მონაწილეებს მიესალმა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე. მისი განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ბათუმი არა მხოლოდ საერთაშორისო ტურისტულ, არამედ სამედიცინო რუკაზეც ღირსეულ ადგილს იმკვიდრებს. მან სიმპოზიუმის ორგანიზატორებსა და მხარდამჭერებს გულითადი მადლობა გადაუხადა.

სიმპოზიუმი 9 აპრილს დაიხურება.