21 სექტემბერი

    

       21 სექტემბერს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პლენარული სხდომა გაიმართა, რომელსაც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის  უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე უძღვებოდა.

დღის   წესრიგის გაცნობის  და  დამტკიცების შემდეგ გაკეთდა განცხადებები.

     დამოუკიდებელმა დეპუტატმა გიორგი ცინცქილაძემ კანონმდებლებს მონადირეთა მოთხოვნები გააცნო  და   მათი  პრობლემის მოგვარება  ითხოვა.

   ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა გიორგი აბულაძემ, წინასაარჩევნო პერიოდში ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ფაქტებზე, ასევე აჭარის მაღალმთიანეთში ჰესების მშენებლობაზე, აღნიშნულ ზონაში მოსახლეობისთვის კომპენსაციის გაცემაში არსებულ პრობლემებზე  და ,,ოცნების ქალაქში’’ შექმნილ ვითარებაზე გაამახვილა ყურადღება.

  დავით გაბაიძემ სამივე წინადადება გაიზიარა და  მის  მიმართ  დასმულ  კითხვებს ამომწურავად უპასუხა .

   უმაღლესი საბჭოს წევრმა ვახტანგ წულაძემ   მონადირეთა   პრეტენზიებთან  დაკავშირებით განმარტება გააკეთა: ჭოროხის დელტა და გონიოს ტერიტორია  ევროპის მიერ აღიარებული ,,ზურმუხტის ქსელის’’ ნაწილია, სადაც კონვენციის თანახმად ნადირობა აკრძალულია. აჭარაში  მრავლადაა  ადგილი,  სადაც  მონადირეებს  ნადირობის  უფლება  აქვთ.    ვახტანგ  წულაძემ    ყურადღება  გაამახვილა ზაფხულის  პერიოდში  ტყის  მასივებში  გახშირებულ  ხანძრებზე  და  კოლეგებს  მოუწოდა  აქტიური  მონაწილეობა  მიიღონ  ტყის  აღდგენაში.

      - აჭარის  უმაღლესი  საბჭოს  ტრიბუნა, ისევე  როგორც  საქართველოს  პარლამენტში, წინასაარჩევნო  პერიოდში   აგიტაციისთვის  არ  უნდა  იყოს გამოყენებული, ეს  ჩაიწეროს  დღევანდელი  სესიის  ოქმში   - განაცხადა  აჭარის  უმაღლესი საბჭოს  თავმჯდომარემ  დავით  გაბაიძემ  და  კოლეგებს    პოლიტიკური  განცხადებებისგან  თავშეკავებისკენ  მოუწოდა.

  ფრაქცია „ერთიანი  ნაციონალური  მოძრაობის“  ხელმძღვანელმა  ელგუჯა  ბაგრატიონმა   საარჩევნო  პერიოდში  საჯარო  მოხელეთა  მხრიდან  ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე  და  „აზიური  ფაროსანას“   წინააღმდეგ    განხორციელებულ არაეფექტურ მუშაობაზე  ისაუბრა.

   დამოუკიდებელმა დეპუტატმა  პეტრე  ზამბახიძემ  მოუწოდა  უმრავლესობას  უმაღლესი საბჭოს  ტრიბუნა  არ  გამოიყენონ    ოპოზიციური ძალების  დისკრედიტაციისთვის და ამით   ისინი  არ  ჩააყენონ   არათანაბარ  პირობებში.

კანონმდებლებმა   განიხილეს  დღის  წესრიგით   გათვალისწინებული  5   საკითხი.

საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო კომისიის თავმჯდომარემ ნინო ჩხეტიამ წარმოადგინა  აჭარის  ავტონომიური  რესპუბლიკის  უმაღლესი  საბჭოს  რეგლამენტის  პროექტი  „აჭარის  ავტონომიური  რესპუბლიკის  უმაღლესი  საბჭოს  რეგლამენტში  ცვლილებების  შეტანის  შესახებ,“  აღინიშნა, რომ  ცვლილებები  განიხილა  ყველა  კომისიამ  და ფრაქციამ,  წარმოდგენილია  შესაბამისი  დასკვნები  რაც  საშუალებას იძლევა  მოქმედ  რეგლამენტში  შევიდეს აღნიშნული  ცვლილებები.

   ხანგრძლივი  განხილვის   შემდეგ,  აზრთა  სხვადასხვაობის  გამო   ნინო  ჩხეტიამ  დააყენა  წინადადება  აღნიშნული  ცვლილება  რეგლამენტში  უმაღლესმა საბჭომ მიიღოს   არა  გამარტივებული  წესით (ერთი მოსმენით) , არამედ  3 მოსმენით.

აჭარის  უმაღლესი  საბჭოს  თავმჯდომარემ   ეს  მოსაზრება  გაიზიარა  და  საკითხი  კენჭისყრაზე  დააყენა.

   უმრავლესობამ  კენჭისყრაზე  ამ  საკითხის  გატანას  მხარი  დაუჭირა. პირველი  მოსმენით

რეგლამენტის  პროექტს   მხარი  12   დეპუტატმა დაუჭირა, 2  წინააღმდეგი  იყო, ერთმა თავი  შეიკავა.

     აჭარის  ავტონომიური  რესპუბლიკის  უმაღლესი  საბჭოს  წევრმა  ვახტანგ  წულაძემ წარმოადგინა   აჭარის   ავტონომიური   რესპუბლიკის    უმაღლესი    საბჭოს დადგენილების პროექტი ,,საქართველოს კონსტიტუციის 67-ე მუხლის შესაბამისად, საკანონმდებლო   ინიციატივის    წესით   საქართველოს   კანონის    პროექტების ,,გრანტების შესახებ“   საქართველოს   კანონში   ცვლილების   შეტანის   თაობაზე“ და საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს პარლამენტში წარდგენის თაობაზე, რომელსაც უმაღლესმა საბჭომ ერთხმად დაუჭირა მხარი.

     მოისმინეს  აჭარის  ავტონომური რესპუბლიკის  უმაღლესი საბჭოს  სამი  კომისიის  ანგარიში  გაწეული  საქმიანობის   შესახებ.

   განათლების,მეცნიერების, კულტურისა  და  სპორტის  საკითხთა  კომისიის  თავმჯდომარემ  ვლადიმერ  მგალობლიშვილმა  წარმოადგინა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის   უმაღლესი   საბჭოს   განათლების,  მეცნიერების,  კულტურისა   და სპორტის საკითხთა კომისიის ანგარიში;  

     საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ გიორგი რომანაძემ კოლეგებს გააცნო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომისიის ანგარიში; 

   ჯანმრთელობის  დაცვისა  და  სოციალურ  საკითხთა  კომისიის  თავმჯდომარემ   ნუგზარ  სურმანიძემ  შესთავაზა  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს   ჯანმრთელობის   დაცვისა  და   სოციალურ   საკითხთა   კომისიის ანგარიში. 

  სამივე  კომისიის  ანგარიში  დეპუტატებმა  ცნობად  მიიღეს.