11 სექტემბერი

     

      აჭარის  ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომისიების 11 სექტემბრის გაერთიანებულ სხდომაზე, რომელსაც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ვლადიმერ მგალობლიშვილი უძღვებოდა, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრს მოუსმინეს.

    - აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, ისევე როგორც სრულიად საქართველოში, სასწავლო წელი 15 სექტემბერს დაიწყება, გარდა ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტისა, სადაც სარემონტო სამუშაოების გამო სწავლა 25 სექტემბერს განახლდება, - აღნიშნა ინგა შამილიშვილმა. მინისტრი კანონმდებლების წინაშე, ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით, სასკოლო დაწესებულებების მზადყოფნის თაობაზე ვრცელი ინფორმაციით წარსდგა და აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში არსებულ მდგომარეობაზე დეტალურად ისაუბრა. მისი განცხადებით, ახალი სასწავლო წლისთვის რეგიონში 24 ობიექტი სრულადაა რეაბილიტირებული, 7 ობიექტზე ეს პროცესი უახლოეს პერიოდში, ხოლო 6 სასწავლო დაწესებულებაში მომავალ წელს  დასრულდება. ინგა შამილიშვილის განცხადებით, რეგიონის სკოლების ნაწილში განახლდა ინვენტარი, ბიბლიოთეკები, სასწავლო ლაბორატორიები, სპორტული დარბაზები და მოედნები.

       ავტონომიური რესპუბლიკის სკოლებში არსებულ პრობლემებზე უმაღლესი საბჭოს წევრებს ინფორმაცია მიაწოდა განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველმა მოადგილემ. სულიკო თებიძის განცხადებით, რიგით პირველი პრობლემა ადრე გარემონტებულ სკოლებში დაბალი სიმძლავრის გათბობის სისტემებია,  რიგ სკოლებში რეაბილიტაციას საჭიროებს სპორტული დარბაზები, ხოლო მოსწავლეთა სიმრავლის გამო  აუცილებელია ახალი სკოლის მშენებლობა ქალაქ ბათუმში, რაზეც სამინისტრო უკვე მუშაობს.

        ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით, სხდომაზე, ბავშვთა  და მოზარდთა ორგანიზებულ კოლექტივებში სეზონური ინფექციების პრევენციული ღონისძიებების გატარების შესახებ მოხსენებით წარსდგა აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი ნინო ნიჟარაძე. მომხსენებელმა წარმოადგინა არსებული მდგომარეობის სრული სტატისტიკა, ანალიზი და შესაბამისი რეკომენდაციები.

        მომხსენებლებმა უპასუხეს კანონმდებელთა შეკითხვებს. მათ მიერ წარმოდგენილი ინფორმაციები ორივე კომისიამ ერთხმად მიიღო ცნობად.