31 მარტი

31 მარტს გაიმართა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აგრარული და გარემოს დაცვის საკითხთა კომისიის სხდომა, რომელსაც ამავე კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ წულაძე უძღვებოდა.

სხდომის დაწყებამდე უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ელგუჯა ბაგრატიონმა დღის წესრიგში ერთი საკითხის დამატება მოითხოვა. მისი განცხადებით, კანონმდებლებს აუცილებლად უნდა ემსჯელათ ბოლო დროს რეგიონიდან იშვიათი ჯიშის ხეების გახშირებულ გადატანაზე. მას შესთავაზეს ამ საკითხზე რეგლამენტის სრული დაცვით ემსჯელათ კომისიის უახლოეს სხდომაზე, თუმცა ელგუჯა ბაგრატიონი ამ შეთავაზებას არ დათანხმდა და პროტესტის ნიშნად, სხდომა დატოვა. რამდენიმე წუთის შემდეგ ვახტანგ წულაძემ მას სხდომაზე დაბრუნება და საკითხზე მსჯელობა შესთავაზა, თუმცა ის სხდომათა დარბაზში აღარ დაბრუნებულა.

ამის შემდეგ კომისია ჩვეულებრივ რეჟიმში შეუდგა მუშაობას. დღის წესრიგის პირველი საკითხი - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ 2016 წელს გაწეული საქმიანობისა და 2017 წელს განსახორციელებელი პროგრამების მიმდინარეობის შესახებ - აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლაშა კომახიძემ წარმოადგინა. კომისიის წევრებმა წარმოდგენილი ინფორმაცია ცნობად მიიღეს.

კანონმდებლებმა ასევე ცნობად მიიღეს საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „რეგულირების საფასურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, რომელიც კომისიის თავმჯდომარემ ვახტანგ წულაძემ წარმოადგინა.