საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში

დავით გაბაიძემ მოგილიოვის დელეგაცია მიიღო

04 სექტემბერი

                        

         4 სექტემბერს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს ბელორუსიის მოგილიოვის ოლქის აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები ეწვივნენ. 7-კაციანი დელეგაცია, ოლქის აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის ვლადმერ დომანევსკის მეთაურობით, საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ მიიღო. ბელორუსი სტუმრები აჭარას საპასუხო ვიზიტით ესტუმრნენ.

       დელეგაციის შემადგენლობაში არიან: მოგილიოვის საოლქო აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ვიქტორ ნეკრაშევიჩი, ქალაქ მოგილიოვის აღმასკომის თავმჯდომარე ვლადიმერ ცუმარევი, ოლქის აღმასკომის ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარე პავლე მარინნეკო, აღმასკომის თავმჯდომარის მთავარი მრჩეველი ალექსი ბოგაიჩუკი, ოლქის ვაჭრობისა და მომსახურების მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი ინესა კოროტკევიჩი და ბელორუსიის საელჩოს მრჩეველი საქართველოში ანდრეი სოკოლოვი.

     გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, რომელსაც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე მერაბ კარანაძე ესწრებოდა, მხარეებმა ორ მეგობარ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავების საკითხები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა სხვადასხვა სფეროში რეგიონთაშორის თანამშრომლობის გააქტიურების სამომავლო პერსპექტივებსა და მათ მნიშვნელობაზე. გამოითქვა ერთობლივი კომისიისა და სადეპუტატო თანამშრომლობის ჯგუფის შექმნის წინადადება, რომელშიც მოგილიოვის ოლქისა და აჭარის საკანონმდებლო ხელისუფლების,  თვითმმართველობების წარმომადგენლები გაერთიანდებიან. დელეგაციის წევრებმა აქვე ქობულეთისა და ბელორუსიის  კულტურული დედაქალაქის - ბობრუისკის დამეგობრების სურვილი გამოთქვეს.

          შეხვედრის დასასრულს სტუმრებმა გულთბილი მიღებისათვის მადლობა გადაუხადეს დავით გაბაიძეს, გაცვალეს საჩუქრები და გადაიღეს სამახსოვრო სურათები.

   

განცხადებები

დღის წესრიგი

პრეს-რელიზი