24 აგვისტო

     24 აგვისტოს, გაიმართა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა და საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიების ერთობლივი სხდომა.

    აღნიშნული კომისიების თავმჯდომარეებმა ვლადიმერ მგალობლიშვილმა და ნინო ჩხეტიამ განაცხადეს, რომ კომისიებმა შეისწავლეს წარმოდგენილი მიმოხილვა, მომზადდა წინადადებები და შენიშვნები დარგების მიხედვით, ამიტომ მიზანშეწონილად ჩათვალეს სხდომის ასეთ ფორმატში ჩატარება.

    მოისმინეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის რამაზ ბოლქვაძის მიმოხილვა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2017  წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების შესახებ.

    სხდომას ესწრებოდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე სულიკო თებიძე.

    ოპოზიცია დაინტერესდა ახალ სასწავლო წელს აჭარაში მშენებარე და მოქმედი სკოლების მდგომარეობით.  სულიკო  თებიძის  განცხადებით, შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ცინარეთის საჯარო სკოლის გარდა, ყველა სკოლაში სასწავლო წელი 15 სექტემბერს განახლდება, ვინაიდან სარეაბილიტაციო სამუშაოები აქ ოქტომბრამდე გაგრძელდება.

    კომისიებმა, ხმათა უმარავლესობით, წარმოდგენილი მიმოხილვა ცნობად მიიღეს.

    აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიამ, ასევე, განიხილა დღის წესრიგით გათვალისწინებული მეორე საკითხი - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დადგენილების პროექტი - „საქართველოს კონსტიტუციის 67-ე მუხლის შესაბამისად, საკანონმდებლო ინიციატივის წესით საქართველოს კანონის პროექტების „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს პარლამენტში წარდგენის თაობაზე“.

    კომისიამ ერთხმად მხარი დაუჭირა დადგენილების პროექტის პლენარულ სხდომაზე გატანას.