31 მარტი

31 მარტს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე ქედის ზრდასრულთა განათლების ცენტრში, არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე ქედის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა თემის მცხოვრებლებს შეხვდა.

დისკუსია-შეხვედრას, რომელიც ამერიკული ორგანიზაცია „NED-ის“ მიერ დაფინანსებული პროექტის - „დემოკრატიული იდეების განვითარების“ ფარგლებში გაიმართა, ესწრებოდნენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი გიორგი მანველიძე, საკანონმდებლო ორგანოს აპარატის წარმომადგენლები და ქედის მუნიციპალიტეტის გამგებელი დავით დუმბაძე.

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ შეკრებილებს ჩვენი ქვეყნისათვის ძალზე მნიშვნელოვანი თარიღი - 31 მარტი მიულოცა და აღნიშნა, რომ 26 წლის წინ, პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეზე ჩატარებული რეფერენდუმი, იყო დასტური ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისაკენ სწრაფვისა.

დისკუსია-შეხვედრაზე, რომლის მოდერატორიც „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ წარმომადგენელი ასლან ჭანიძე გახლდათ, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ისაუბრა საკანონმდებლო ორგანოს ფუნქციებზე, კომპეტენციებსა და საქმიანობის ძირითად პრინციპებზე. დავით გაბაიძემ შეკრებილებს ინფორმაცია მიაწოდა ხულოსა და შუახევის მუნიციპალიტეტებში გამართულ ჯანდაცვის კომისიის გამსვლელ სხდომებზე და აღნიშნა, რომ ანალოგიური სხდომა უახლოეს დღეებში ქედაშია დაგეგმილი.

დავით გაბაიძემ და გიორგი მანველიძემ უპასუხეს მოსახლეობის შეკითხვებს. როგორც ადგილობრივებმა აღნიშნეს, მსგავსი შეხვედრების ჩატარებას მიესალმებიან, მათ დეპუტატებს მადლობა გადაუხადეს და რიგ საკითხებზე თავიანთი მოსაზრებები გააცნეს.