02 აპრილი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, უმაღლესი საბჭოს წევრები -ლადო მგალობლიშვილი, ნინო ჩხეტია, გიორგი მანველიძე, ვახტანგ წულაძე 2 აპრილს, ბათუმში, სასტუმრო „ინტურისტში“, გახმაურებული კინოპროექტის - „ექვთიმე ღვთისკაცის“ მხარდასაჭერ საღამოს დაესწრნენ. ექვთიმე თაყაიშვილის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე ფილმს ახალგაზრდა რეჟისორი ნიკოლოზ ხომასურიძე, ცნობილ მსახიობ რევაზ ჩხიკვიშვილთან და ქართველ მსახიობთა გამორჩეულ გუნდთან ერთად, იღებს. „ექვთიმე“-ს დასასრულებლად რეჟისორმა და შემოქმედებითმა გუნდმა საქველმოქმედო აქცია წამოიწყეს. სახალხო პროექტის დაფინანსებაში ქართველი ხალხი მონაწილეობს.

აჭარის კულტურის სააგენტომ, საერთაშორისო კულტურის ცენტრმა „EuroGeorgia Spain“ და ბათუმის „ქალთა კლუბმა“, აჭარის ტელევიზიის მხარდაჭერით, გადაიღო ფილმის მხარდამჭერი ვიდეო-რგოლი, რომელშიც მონაწილეობენ: აჭარის საზოგადოების და მთავრობის წარმომადგენლები, სხვადასხვა პროფესიის ცნობილი ადამიანები, სტუდენტები, ემიგრანტები სხვადასხვა ქვეყნებიდან.

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ თავის მისასალმებელ სიტყვაში ექვთიმე თაყაიშვილის გმირობის ტოლფასი ცხოვრებისა და მოღვაწეობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. სასტუმრო „ინტურისტში“ გამართულ აქციაზე, ვიდეო-რგოლის წარდგინების პარალელურად, მოეწყო საქველმოქმედო საღამო, რომელშიც მონაწილეობდნენ ცნობილი ხელოვანები და მომღერლები. საღამოზე სპეციალურად ჩამოვიდნენ ფილმის რეჟისორი და გადამღები ჯგუფის წევრები. საქველმოქმედო აქციის მონაწილეებისათვის ფილმის ნაწყვეტების ექსკლუზიური ჩვენება გაიმართა.