11 აგვისტო

        11 აგვისტოს, ბათუმში, შინდისის გმირების სახელობის სკვერში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ, ბათუმის მაჟორიტარმა დეპუტატმა საქართველოს პარლამენტში ფატი ხალვაშმა, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრმა ილია ვერძაძემ, საკანონმდებლო ორგანოს აპარატის თანამშრომლებმა,  რეგიონის მთავრობის წევრებმა, ქალაქ ბათუმის თვითმმართველობის, საზოგადოების წარმომადგენლებმა, აგვისტოს ომში დაღუპულთა ოჯახის წევრებმა ყვავილებითა და გვირგვინებით შეამკეს 2008 წლის აგვისტოს ომში, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შინდისში დაღუპული გმირების მემორიალური დაფა.

       შეკრებილებმა წუთიერი დუმილით  პატივი მიაგეს სამშობლოსათვის თავდადებულთა ხსოვნას. აჟღერდა  საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი. ომში დაღუპულ მეომართა სულის მოსახსენებელი პანაშვიდი დეკანოზმა  გრიგოლმა (თავაძე) გადაიხადა.

      ამავე დღეს, გმირთა სახელობის სკვერში,  შინდისში დაღუპული 17 გმირი მეომრის ხსოვნის უკვდავსაყოფად, ტრადიციულად, 17  ხის ნერგი დაირგო.