08 აგვისტო

       2008 წლის აგვისტოს ომიდან 9 წლისთავზე, ბათუმში, აგვისტოს ომში დაღუპულთა სკვერში გმირთა უკდავსაყოფად ულამაზესი მემორიალი გაიხსნა. საქართველოს ერთიანობისათვის თავდადებულთა ხსოვნის პატივსაცემად აქ ტრადიციულად შეიკრიბნენ: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის თავმჯდომარეები - დავით გაბაიძე და ზურაბ პატარაძე, საქართველოს პარლამენტის დეპუტატები, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრები - ილია ვერძაძე, გიორგი მანველიძე, ლადო მგალობლიშვილი, ნუგზარ სურმანიძე, ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების, ქალაქ ბათუმის თვითმმართველობის, საზოგადოების წარმომადგენლები, ომში დაღუპულთა ახლობლები.

      შეკრებილებმა ყვავილებითა და გვირგვინებით შეამკეს მემორიალი და წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს დაღუპულთა ხსოვნას, შესრულდა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი.

     საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულთა მემორიალის ავტორები ბათუმელი ხელოვანები - ჯიმსონ გურგენიძე და თემურ მახარაძე არიან. ქალაქ ბათუმის მერიამ მემორიალის აღმართვის პარალელურად  განაახლა და კეთილმოაწყო აგვისტოს ომში დაღუპულთა სკვერი.