28 ივლისი

                                                      

         აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო C ჰეპატიტთან ბრძოლის კვირეულს შეუერთდა. 28 ივლისს,  C ჰეპატიტთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიამ, კვირეულის  შეჯამების მიზნით, C (HCV) ჰეპატიტის შემცირებისა და თავიდან აცილების გზების  საკითხებზე დასკვნითი სამუშაო შეხვედრა გამართა.

        შეხვედრას ესწრებოდნენ: აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის, ქ. ბათუმის ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და ტუბერკულოზის რეგიონული ცენტრის, მეზღვაურთა ჰოსპიტალის, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეგიონული უწყების ხელმძღვანელები და წარმომადგენლები, რომელთაც C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამის მიმდინარეობაზე დეტალური ინფორმაცია წარმოადგინეს.

          საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის ნინო ნიჟარაძის განცხადებით, სახელმწიფო პროგრამაში ქვეყნის მასშტაბით 41 ათასი ბენეფიციარია ჩართული და მათგან 31 ათასზე მეტი უკვე განიკურნა. აჭარაში C ჰეპატიტით 14 ათასი ადამიანი, ანუ მოსახლეობის 5 %-ია ინფიცირებული, სახელმწიფო პროგრამით მკურნალობას გადის 2 591 ბენეფიციარი, რომელთაგან 1417-მა დაასრულა მკურნალობის სრული კურსი და გამოჯანმრთელდა. ცნობისათვის: 3-თვიანი მკურნალობის კურსის ღირებულება 80 ათას ევროს აჭარბებს.

        უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის შეფასებით, C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამა ქვეყნისა და რეგიონის მასშტაბით წარმატებით ხორციელდება და მან ათასობით ადამიანი გადაარჩინა. განკურნების მაჩვენებელი 98 %-ია. ნუგზარ სურმანიძის განცხადებით, უმაღლესი საბჭოს დარგობრივი კომისია ამ საკითხზე პერიოდულად კვლავ გამართავს სამუშაო შეხვედრებს.

         სამუშაო შეხვედრის პარალელურად, საკანონმდებლო ორგანოს წევრებსა და აპარატის თანამშრომლებს უფასო გამოკვლევები ჩაუტარდათ.