27 ივლისი

       27 ივლისს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს იტალიელი და პოლონელი მეცნიერები სტუმრობდნენ. ლივიო ძებრინი, რადოსლავ კარასევიჩ-შჩიპიორსკი და კლაუდიო დე ბიაზი ჩვენს რეგიონში ბათუმისა და ფერარას სახელმწიფო უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში ეწვივნენ.

       სტუმრებს საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ უმასპინძლა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრას ესწრებოდნენ: აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე მერაბ კარანაძე, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ვლადიმერ მგალობლიშვილი, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ემზარ კახიძე.

       მხარეებმა საქართველოსა და იტალია-პოლონეთს შორის კეთილმეგობრულ ურთიერთობებზე ისაუბრეს და განსაკუთრებული ყურადღება რეგიონთა შორის ურთიერთობების მნიშვნელობაზე გაამახვილეს.

      ფერარასა და მსოფლიოს რამდენიმე ცნობილი უნივერსიტეტის პროფესორმა ლივიო ძებრინიმ შეხვედრის შემდგომ მასპინძლებს იტალიის ვენეტოს რეგიონისა და აჭარის სამომავლო ურთიერთობის გეგმა წარმოუდგინა, რომელშიც განსაკუთრებული აქცენტი სამეცნიერო-კულტურულ და ტურისტულ აქტივობებზეა გადატანილი.  საპატიო სტუმრის განცხადებით, გეგმის განხორციელებაზე „ შავი ზღისპირეთის საერთაშორისო ცენტრი“ იმუშავებს, რომელიც 2016 წელს ბათუმისა და ფერარას სახელმწიფო უნივერსიტეტებისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ერთობლივი ძალისხმევით ამოქმედდა.

      ლივიო ძებრინი, რადოსლავ კარასევიჩ-შჩიპიორსკი და კლაუდიო დე ბიაზი ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სამეცნიერო კვლევაში აქტიურად არიან ჩართულები. შარშან ლივიო ძებრინის ხელმძღვანელობით, არქეოლოგიური კვლევები განხორციელდა გონიო-აფსაროსის ციხის ცენტრალურ ნაწილში და შესაბამისი სამუშაოები წელსაც გაგრძელდება.

     შეხვედრის დასასრულს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ცნობილ მეცნიერებს სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.