06 აპრილი

6 აპრილს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიების გაერთიანებულ სხდომაზე, კანონმდებლებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული ორი საკითხი განიხილეს.

საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც მოიცავს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის პროექტს - „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ“ და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის პროექტს - „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილების შეტანის თაობაზე“, სხდომაზე საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ ნინო ჩხეტიამ წარმოადგინა.

პროექტის თანახმად, ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის პროექტის მიღების მიზანია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების იერარქიის, მომზადების, მიღების, გამოქვეყნების, მოქმედების აღრიცხვისა და სისტემატიზაციის საკითხების მიმართ ახლებური მიდგომებისა და ეფექტიანი სამართლებრივი მექანიზმების დანერგვა, ასევე კანონის ოფიციალური კონსოლიდირებული ვერსიის ხელმისაწვდომობა.

რაც შეეხება რეგლამენტის პროექტს, მომხსენებლის განმარტებით, ცვლილება განპირობებულია ლობისტურ საქმიანობასთან დაკავშირებული რეგულაციების უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ასახვითა და რეგლამენტის შესაბამისობით ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ახალ კანონთან.

წარმოდგენილ საკანონმდებლო პაკეტს, რომელიც საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის მიერაა ინიცირებული, ორივე კომისიამ ერთხმად დაუჭირა მხარი.

ამავე სხდომაზე ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ ნუგზარ სუმანიძემ საქართველოს პარლამენტიდან შემოსული კანონის პროექტი წარმოადგინა - საქართველოს „სისხლის სამართლის კოდექსში“ შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით აღნიშნული კომისიის წევრებს შენიშვნები და წინადადებები არ გამოუთქვამთ. კანონის პროექტი კანონმდებლებმა ცნობად მიიღეს.

ორი კომისიის გაერთიანებულ სხდომას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ვლადიმერ მგალობლიშვილი უძღვებოდა.