12 ივლისი

   12 ივლისს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე სესია გაიმართა, რომლესაც უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე უძღვებოდა.

  „სოციალურ ქსელში და მედია საშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს დღევანდელ რიგგარეშე სესიაზე უნდა დადგეს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს ნდობა-უნდობლობის საკითხი, მინდა განვაცხადო რომ ეს ასე არ არის, ჩვენ მოვისმენთ საბჭოს მიერ 2016 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიშს, ცხადია, დეპუტატები გამოთქვამენ თავიანთ მოსაზრებებს და შესაძლოა მომავალში მოგვიხდეს მრჩეველთა საბჭოს საქმიანობის შეფასებაზე საუბარი- განაცხადა დავით გაბაიძემ სანამ რიგგარეშე სესია მუშაობას დაიწყებდა.

  ფრაქცია „ერთიანი ნაციონალაური მოძრაობის“ წევრმა გიორგი აბულაძემ კოლეგებს მიმართა წინადადებით მომზადდეს  განცხადება  ან რეზოლუცია  უკანასკნელ პერიოდში საოკუპაციო ხაზის ქვეყნის შიგნით გადმოტანასთან დაკავშირებით, რაც კანონმდებლებმა გაიზიარეს.  ვინაიდან ეს უნდა განხილულიყო ბიუროზე და წინასწარ შემუშავებულიყო საგანგებო განცხადება, რეგლამენტის თანახმად მისი მიღება რიგგარეშე სესიის ფორმატში  ვერ მოხერხდება - განაცხადა უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ ნინო ჩხეტიამ.

  დღის წესრიგის დამტკიცების შემდეგ განიხილეს ორი საკითხი: აჭარის ავტონომიური  რესპუბლიკის კანონის პროექტი „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე - მესამე მოსმენით და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს 2016 წლის საქმიანობის ანგარიში. 

  კანონის პროექტი „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე წარმოადგინა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა რამაზ ბოლქვაძემ. ვინაიდან იგი მესამე მოსმენით გამოიტანეს და არ ყოფილა შენიშვნები და  წინადადებები, კანონმდებლებმა ხმათა უმრავლესობით აღნიშნულ კანონპროექტს მხარი დაუჭირეს.

  საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს 2016 წლის საქმიანობის ანგარიში წარმოადგინა - აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა რუსუდან იმედაიშვილმა. ანგარიშის განხილვა კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა.

  ხანგრძლივი დებატის შემდეგ კანონმდებლებმა მრჩეველთა საბჭოს მიერ წარმოდგენილი ანგარიში ცნობად მიიღეს.