05 იანვარი

5 იანვარს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ საქართველოში თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს (“TIKA“) ხელმძღვანელს ხუსეინ შანლის უმასპინძლა.

შეხვედრას ესწრებოდა თურქეთის გენერალური კონსული ქალაქ ბათუმში იასინ თემიზქანი.

სტუმარმა საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარეს ძალზე საპასუხისმგებლო თანამდებობაზე არჩევა და ახალი წელი მიულოცა. ისაუბრა საქართველო-თურქეთის საქმიან, მეგობრულ ურთიერთობებსა და იმ პროექტებზე, რომლებსაც სააგენტო ჩვენს რეგიონსა და ზოგადად საქართველოში ახორციელებს.

ცნობილია, რომ თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტო (“TIKA“) მეზობელი ქვეყნის პრემიერ-მინისტრის დაქვემდებარებაში მყოფი ორგანიზაციაა, რომელიც სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად რამდენიმე წელია ჩვენს ქვეყანაში, მის თითქმის ყველა რეგიონში სხვადასხვა მიმართულებით ახორციელებს ერთობლივ პროექტებს. ჯანდაცვა, ინფრასტრუქტურა, სოფლის მეურნეობა, ტურიზმი - ეს მხოლოდ მცირედი ჩამონათვალია იმ სფეროებისა, სადაც „თიკას“ პროექტები განხორციელდა და დღესაც მიმდინარეობს. სარეაბილიტაციო ცენტრი „თანა“, არაერთი სკოლა, ამბულატორია თუ სასოფლო გზა სწორედ სააგენტოს პროექტების შედეგად აღდგა და მოწესრიგდა.

სააგენტოს ანგარიშზეა სოფლის მეურნეობის მიმართულებით რეალიზებული რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტიც, რომელთა ნაწილი დღესაც გრძელდება. ასევე გრძელდება ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს რეაბილიტაციის პროექტიც, რომელიც სწორედ სააგენტოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აქტიური თანაშრომლობის შედეგია.

-ვიმედოვნებ, რომ ჩვენი მეგობრობა, ურთიერთობები სამომავლოდ კიდევ უფრო განმტკიცდება და ერთობლივი ძალისხმევით არაერთი სასარგებლო და მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას შევძლებთ,- აღნიშნა ხუსეინ შანლიმ.

დავით გაბაიძემ სტუმრებს მადლობა გადაუხადა მილოცვისათვის და მწუხარება გამოხატა ახალი წლის დღეებში თურქეთში განხორციელებული ტერაქტის გამო. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ იმედი გამოთქვა, რომ ახალი, 2017 წელი უფრო მშვიდობიანი და სტაბილური იქნება არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნებისათვის, არამედ მთლიანად მსოფლიოსათვის. მან მადლიერებით ისაუბრა აჭარის მაღალმთიანეთში სააგენტოს მიერ განხორციელებულ სასიკეთო საქმეებზე - ხულოს საავადმყოფოს სრული რეაბილიტაცია, მისი საოფისე და სამედიცინო ინვენტარით აღჭურვა, სასოფლო გზების რეაბილიტაცია და სხვა ინფრასტრუქტურული პროექტები, როგორც დავით გაბაიძემ აღნიშნა, სწორედ სააგენტოს ძალისხმევის შედეგად განხორციელდა.

საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარემ იმედი გამოთქვა, რომ თანამშრომლობა სხვადასხვა სფეროში სამომავლოდ კიდევ უფრო გაღრმავდება და განვითარდება.