საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში

24 დეკემბერი

      აჭარის უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე - ცოტნე ანანიძე „შშმ პირთა პროფესიული გადამზადებისა და დასაქმების ხელშეწყობის“ ქვეპროგრამის შემაჯამებელ ღონისძიებას დაესწრო.

      საკანონმდებლო ორგანოს წევრის განცხადებით, ქვეპროგრამას, სოციალურის გარდა, სხვა მრავალმხრივი დატვირთვა ჰქონდა და მიზნად ისახავდა, არა მხოლოდ შშმ პირთა შრომითი უფლებების რეალიზებას, არამედ მათი ეკონომიკური დამოუკიდებლობის გაძლიერებას. ცოტნე ანანიძემ მადლობა გადაუხადა ქვეპროგრამის ინიციატორებსა და დამსაქმებლებს კომიტეტის მიერ განხორციელებული თემატური კვლევის რეკომენდაციების გათვალისწინებისთვის.

      როგორც აჭარის დასაქმების სააგენტოს ხელმძღვანელმა - თემურ კახიძემ აღნიშნა, სააგენტოსა და კოლეჯ „ბლექსი-ს“ მიერ განხორციელებული ქვეპროგრამა ითვალისწინებდა, ინკლუზიურ და შრომის ბაზარზე ორიენტირებული მიმართულების პრინციპებზე დაყრდნობით, ბენეფიციართა პროფესიული და პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებასა და ამაღლებას ადაპტირებული სასწავლო მოდულებით. ამასთან, მხარდაჭერის კომპლექსური ციკლი, სასწავლო პროცესის დაწყებიდან დასაქმებამდე, კარიერული კონსულტირებისა და დამსაქმებლებთან კომუნიკაციის ეტაპებს მოიცავდა.

      კოლეჯ „ბლექსი-ს“ დირექტორის - გიორგი გოგიტიძის განცხადებით, ინტენსიური კურსის ფარგლებში, თეორიული სწავლება სინქრონიზებული იყო სუბსიდირებულ საწარმოო პრაქტიკასთან, რის შედეგადაც მონაწილეებს ჰქონდათ შესაძლებლობა რეალურ სამუშაო გარემოში გაეძლიერებინათ პროფესიული კომპეტენციები. მიმდინარე წელს, ქვეპროგრამაში ჩართული 10 ბენეფიციარიდან, 60% უკვე წარმატებით დასაქმდა, ხოლო სწავლების მიმართულება შერჩეული იყო რეგიონული შრომის ბაზრის მოთხოვნების გათვალისწინებით, წამყვან კომპანიებთან მჭიდრო თანამშრომლობით.

      ღონისძიების ფარგლებში ქვეპროგრამის მიზნებისა და მიღწეული შედეგების წარდგენასთან ერთად, გაიმართა სასწავლო პროცესისა და ბენეფიციართა გამოცდილების ამსახველი ვიდეორგოლის ჩვენება, ქვეპროგრამის მონაწილეებს საზეიმო ვითარებაში გადაეცათ კვალიფიკაციის დამადასტურებელი ორენოვანი სერტიფიკატები.

განცხადებები

პრეს-რელიზი