საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში

18 დეკემბერი

     აჭარის უმაღლესმა საბჭომ ავტონომიური რესპუბლიკის 2026 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის პროექტი, 13 ხმით, 2-ის წინააღმდეგ, დაამტკიცა. გადაწყვეტილება კანონმდებლებმა მორიგ პლენარულ სხდომაზე მიიღეს, რომელსაც საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე - დავით გაბაიძე უძღვებოდა.

     2026 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონის პროექტი (გადამუშავებული ვარიანტი), სხდომაზე, ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა - ედნარ ნატარიძემ წარმოადგინა.

    მომხსენებლის განცხადებით, მომავალი წლის ბიუჯეტი უპრეცედენტოა და მილიარდიან ნიშნულს აჭარბებს. წარმოდგენილი პროექტის თანახმად, იზრდება  და 800 მილიონ ლარს აჭარბებს შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებელი, რაც ახალი სამუშაო ადგილების მატებასა და დასაქმებულთა გაზრდილ ანაზღაურებაზე მეტყველებს.

    გადამუშავებულ კანონის პროექტში 2,4 მილიონი ლარითაა გაზრდილი აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაფინანსება და ჯამში, 40 მილიონს აჭარბებს. ამავე პროექტით, 4 მილიონი ლარი დაემატა საავტომობილო გზების დეპარტამენტს. მომავალი წლისთვის 173 მილიონ ლარზე მეტია აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ბიუჯეტი, 87 მილიონი ლარით დაფინანსდება ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, განათლებისა და სპორტის სამინისტრო სამომავლო პროგრამებისა და პროექტების განხორციელებითვის -119 მილიონიან ბიუჯეტს განკარგავს, 52 მილიონი ლარით დაფინანსებდა კულტურის სამინისტრო. რაც შეეხება მუნიციპალურ ტრანსფერებს, როგორც ედნარ ნატარიძემ აღნიშნა, მომავალი წლის ბიუჯეტში ამ მიმართულებით 510 მილიონია გათვალისწინებული.

    მინისტრის განცხადებით, გაზრდილი ბიუჯეტი ყველა მიმართულებით მოსახლეობის საჭიროებებზე მორგებული პროგრამების განხორციელებას ითვალისწინებს. მომავალი წლის პრიორიტეტებია: ინფრასტრუქტურული პროექტები, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვა, განათლება, კულტურა, სპორტი, ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის განვითარება-მხარდაჭერა. უპრეცედენტოდ გაზრდილი ბიუჯეტი ორიენტირებულია რეგიონის მდგრად, სტაბილურ ეკონომიკურ განვითარება-გაძლიერებაზე.

   კანონის პროექტით განსაზღვრული ძირითადი ფინანსური და ეკონომიკური პარამეტრების წარდგენის პარალელურად, მომხსენებელმა, გააანალიზა და ისაუბრა 2025 წლის საბიუჯეტო შესრულების მაჩვენებლებზეც.

   მომავალი წლის მთავარ საფინანსო კანონი პროექტთან დაკავშირებით, თანამოხსენებები წარმოადგინეს - საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ - მარინე გვიანიძემ და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში სახელმწიფო აუდიტის დეპარტამენტის უფროსმა - კახაბერ კირტავამ.

 კენჭისყრამდე, მინისტრმა უპასუხა კანონმდებლების კითხვებს და მოისმინა მათი გამოსვლები.

   სხდომაზე, 12 ხმით, ერთის წინააღმდეგ, დამტკიცდა უმაღლესი საბჭოს წევრის - ცოტნე ანანიძის მიერ წარმოდგენილი დადგენილების პროექტი ,,ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“.

   მომხსენებლის განცხადებით, საბჭოს შექმნა საქართველოს შესაბამის კანონმდებლობასა და უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში შეტანილი ცვლილებებითაა განპირობებული. საბჭოში, კანონმდებლებთან ერთად, აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები იმუშავებენ. მომზადდება სამოქმედო გეგმა, რომლის განხორციელებაში აქტიურად ჩაერთვებიან  შესაბამისი მუნიციპალური საბჭოები. ამასთან, საბჭოს საქმიანობაში მნიშვნელოვანი კომპონენტი იქნება - თემატური კვლევები.

   ძირითადი საკითხების განხილვამდე, სხდომაზე გაკეთდა პოლიტიკური განცხადებები.

   სხდომის დასასარულს კი, შესრულდა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი - პლენარული სხდომით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში საშემოდგომო სესია დაიხურა.

განცხადებები

პრეს-რელიზი