საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში

18 დეკემბერი

      აჭარის უმაღლესი საბჭოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე - დავით ბაციკაძე, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორთან - ტიტე აროშიძესთან და დელეგაციის წევრებთან ერთად, იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში, სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა.

     ვიზიტის ფარგლებში, ქართული დელეგაცია ტოკიოს მეტროპოლიტენის უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ ტაკაია ოჰაშის და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანს, ქართველოლოგ ჰიროტაკე მაედას შეხვდა.

     შეხვედრაზე, რომელსაც საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იაპონიაში - თეიმურაზ ლეჟავა ესწრებოდა, ხელი მოეწერა თანამშრომლობის მემორანდუმს. დოკუმენტი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ტოკიოს მეტროპოლიტენის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას ისახავს მიზნად და მას საფუძველი ბათუმში ჩაეყარა.

    დელეგაციის წევრებმა დაათვალიერეს უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურა და კვლევითი ლაბორატორიები.

    ვიზიტის ფარგლებში, ტოკიოს მეტროპოლიტენ უნივერსიტეტის სტუდენტებისა და ბსუ-ს სტუდენტების მონაწილეობით ერთობლივი კულტურული ღონისძიება გაიმართა. ქართველმა სტუდენტებმა, რამდენიმე მუსიკალურ ნომერთან ერთად, იაპონური სიმღერაც შეასრულეს.

    დელეგაციის ვიზიტი პროფესორ, ქართველოლოგ ჰიროტაკე მაედასთან შეხვედრით გაგრძელდა. მხარეებმა თანამშრომლობის კონკრეტული მიმართულებებზე იმსჯელეს, დასახეს სამომავლო გეგმები, მათ შორის - ტოკიოს მეტროპოლიტენის უნივერსიტეტის საზაფხულო სკოლაში ბსუ-ს სტუდენტების მონაწილეობა, ასევე ერთობლივი კონფერენციების, პროექტებისა და ღონისძიებების ჩატარება.

 

განცხადებები

პრეს-რელიზი