აჭარის 2026 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის პროექტი და მისი თანმდევი 2026-2029 წლების პრიორიტეტების დოკუმენტი უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე განიხილება. გადაწყვეტილება კანონმდებლებმა ბიუროს სხდომაზე მიიღეს, რომელსაც საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე - დავით გაბაიძე უძღვებოდა.
როგორც საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ - მარინე გვიანიძემ აღნიშნა, კანონის პროექტის გადამუშავებული ვარიანტის საკომიტეტო განხილვის პროცედურები დასრულდა და შენიშვნები გადაეგზავნა ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს.
ბიუროს გადაწყვეტილებით, კომიტეტებში განსახილველად ჩაეშვა უმაღლესი საბჭოს დადგენილების პროექტი - ,,ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“. განისაზღვრა წამყვანი კომიტეტი და განხილვის ვადა.
ბიურომ ცნობად მიიღო უმაღლესი საბჭოს კომიტეტების შემადგენლობაში განხორციელებული ცვლილებები. საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარის - დავით გაბაიძის განცხადებით, ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომიტეტიდან გამოიწვია ამავე ფრაქციის წევრი - რამაზ ჯინჭარაძე, რომელიც ამიერიდან საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტში იმუშავებს. რაც შეეხება, ამავე კომიტეტიდან გამოწვეულ ნადიმ ვარშანიძეს, ის ამიერიდან განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომიტეტის წევრი იქნება. ცვლილებაა აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტშიც, რომელსაც კიდევ ერთი წევრი - ლაშა სირაბიძე შეემატა.