აჭარის უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე, რომელსაც საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე - დავით გაბაიძე უძღვებოდა, პირველ საკითხად საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილი საკანონმდებლო პაკეტი განიხილეს.
პაკეტი უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში, „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ“ კანონში ცვლილებებსა და უმაღლესი საბჭოს გენდერული თანასწორობის საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ შესაბამისი დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადებას ითვალისწინებს.
საკითხი სხდომაზე საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მინდია დიასამიძემ წარმოადგინა. მისი განცხადებით, საქართველოს კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებების შედეგად, ქვეყანაში შემოღებულია და მოქმედებს დელეგატის ინსტიტუტი. საკანონმდებლო ორგანოში მათთვის ვადამდე უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში, აღნიშნული ცვლილებებით, არჩევნებში გამარჯვებული ამავე პოლიტიკური სუბიექტის ფრაქციას უფლებამოსილება ენიჭება, თავად შეარჩიოს მისი ადგილმონაცვლე.
რაც შეეხება გენდერული თანასწორობის საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადებას, ამ შემთხვევაშიც, ამოსავალი ქვეყნის შესაბამის კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებებია. ინიციატივის თანახმად, შეიქმნება ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე საბჭო, რომელშიც, კანონმდებლებთან ერთად, აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებიც იმუშავებენ.
კითხვა-პასუხის შემდეგ, საკანონმდებლო პაკეტში შემავალ ნორმატიულ აქტებს, სხდომაზე გამოთქმული წინადადებების გათვალისწინებით, ცალ-ცალკე უყარეს კენჭი. თითოეული მათგანი 11 ხმით, 2-ის წინააღმდეგ დამტკიცდა.
სხდომაზე მეორე საკითხად საქართველოს პარლამენტში წარსადგენი საკანონმდებლო ინიციატივა განიხილეს. დადგენილების შესაბამისი პროექტი მინდია დიასამიძემ წარმოადგინა. მისი განცხადებით, ინიციატივა „საჯარო სამსახურის შესახებ“, „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონებსა და „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებებს ითვალისწინებს.
მომხსენებლის განცხადებით, ინიციატივის მომზადება „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურისა და უფლებამოსილების შესახებ“ კანონში განხორციელებული ცვლილების შედეგია. როგორც ცნობილია, აღნიშნული ცვლილებით, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს გამოეყო კულტურის მიმართულება, შეიქმნა ახალი - კულტურის სამინისტრო, რამაც შესაბამის კანონმდებლობაში ცვლილებების აუცილებლობა განაპირობა.
წარმოდგენილი პროექტი 11 ხმით, 2-ის წინააღმდეგ დამტკიცდა.
საკანონმდებლო ინიციატივას საქართველოს პარლამენტში, ინიციატორები - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრები - დავით გაბაიძე და მინდია დიასამიძე წარადგენენ.