26 თებერვალი

დიდთოვლობით გამოწვეულ ვითარებაზე საუბრით დაიწყო აჭარის უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე სესიის პლენარული სხდომა. საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარის - დავით გაბაიძის განცხადებით, სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები ყველა მუნიციპალიტეტში 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს, მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური, სპეცტექნიკა და ადამიანური რესურსი. აჭარის უმაღლესი საბჭოს დელეგატები, თავიანთი მუნიციპალიტეტების მიხედვით, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, პირველივე დღიდან, მონაწილეობენ ამ პროცესებში. დავით გაბაიძემ ყველა უწყებას, რომელიც ჩართულია სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში და ზრუნავს მოსახლეობის უსაფრთხოებაზე მადლობა გადაუხადა. დავით გაბაიძის წინადადებით, ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ჯაბა ფუტკარაძემ, უმაღლესი საბჭოს დელეგატებმა -  ცოტნე ანანიძემ, ვახტანგ ბერიძემ, ფრიდონ ფუტკარაძემ, მამუკა თურმანიძემ მუნიციპალიტეტებში არსებულ ვითარებაზე ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ რთული მეტეოროლოგიურო პირობების მიუხედავად, ყველა სამსახური ორიენტირებულია მოსახლეობისთვის მდგომარეობის შემსუბუქებაზე.

დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები, სხდომაზე, ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა, ჯაბა ფუტკარაძემ წარმოადგინა. კანონმდებლებმა, გამარტივებული წესით (ერთი მოსმენით), განიხილეს და მცირე ტექნიკური შენიშვნის გათვალისწინებით მიიღეს: „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ და „აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში განათლების ხელშეწყობის შესახებ“ კანონებში შესატანი ცვლილებების პროექტები. ჯაბა ფუტკარაძის განცხადებით,  კანონპროექტები განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს რეორგანიზაციის შედეგად, ახალი, კულტურის სამინისტროს შექმნას ითვალისწინებს. უწყება 43 522 ათასი ლარით დაფინანსდება და ბიუჯეტის კანონის პროექტში, სათანადო ჩანაწერთან ერთად, შესაბამისი კოდებიც გაჩნდა.

ჯაბა ფუტკარაძემ, სხდომაზე, მესამე საკითხად 2025 წლის  კორექტირებული რესპუბლიკური ბიუჯეტის პროექტი წარმოადგინა. კანონის პროექტის თანახმად, ბიუჯეტი 28 420, 0 ათასი ლარით იზრდება და 908 520,0  ათასი ლარით განისაზღვრება. იცვლება საბიუჯეტო ორგანიზაციების, მუნიციპალიტეტებისთვის განკუთვნილი ასიგნებების მოცულობა, ასევე საერთო რესპუბლიკური მნიშვნელობის გადასახდელები და შემოსულობები. გაზრდილი ბიუჯეტი მხარჯავი დაწესებულებების დაფინანსების ზრდის შესაძლებლობას იძლევა: ამდენად, 4,9 %-ით იზრდება და 150 029,0 ათასი ლარია ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ბიუჯეტი. 23 %-იანი მატება აქვს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს - უწყების ბიუჯეტი 80 მილიონ ლარს აჭარბებს, ხოლო სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიუჯეტში, რომელიც 36 მილიონ 820 ათასი ლარია, მუხლობრივი ცვლილებებია. გაზრდილია განათლებისა და სპორტის სამინისტროს ბიუჯეტი, რომელიც 117 მილიონ ლარს აჭარბებს. მომხსენებლის განცხადებით, ეკონომიკური ზრდის ტენდენცია, სამომავლოდ, რესპუბლიკური ბიუჯეტის მილიარდ ლარამდე გაზრდის რეალურ საფუძველს ქმნის. 

ძირითადი საბიუჯეტო პარამეტრების, რეგიონისთვის მნიშვნელოვანი პროგრამებისა და პროექტების წარდგენის შემდეგ, კანონმდებლებმა  2025 წლის კორექტირებული რესპუბლიკური ბიუჯეტის პროექტი 11 ხმით დაამტკიცეს.