25 თებერვალი

„ქედაში, ისევე როგორც მაღალმთიანეთის სხვა მუნიციპალიტეტებში, უხვთოვლობაა. სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს, მობილიზებულია ყველა შესაბამისი უწყება, სპეცტექნიკა და ადამიანური რესურსი,”- აცხადებს აჭარის უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე - მამუკა თურმანიძე.

საკანონმდებლო ორგანოს წევრი ადგილზე გაეცნო ვითარებას, იმყოფებოდა რამდენიმე ლოკაციაზე, მათ შორის ხულო-ზარზმის საავტომობილო გზის რთულ მონაკვეთზე. მამუკა თურმანიძის განცხადებით, უწყვეტ რეჟიმში იწმინდება ადმინისტრაციულ ცენტრებთან, სტრატეგიულ ობიექტებთან მიმავალი, ასევე ბათუმი-ხულო-ახალციხის შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზები.

„ მაღალმთიან მუნიციპლიტეტებში კვლავ გრძელდება თოვა. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, ყველა შესაბამისი სამსახური, აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტთან ერთად, რთული მეტეოროლოგიური პირობების მიუხედავად, კოორდინირებულად მუშაობენ სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ”,- აღნიშნავს უმაღლესი საბჭოს წევრი.