ხულოს მუნიციპალიტეტში, უხვი ნალექის სალიკვიდაციო სამუშაოებს გაეცნო აჭარის უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე - ვახტანგ ბერიძე. მისი განცხადებით, მაღალმთიან მუნიციპალიტეტში უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები, მობილიზებულია ყველა შესაბამისი უწყება, სპეცტექნიკა და ადამიანური რესურსი.
„ინტნესიური თოვისა და ქარბუქის მიუხედავად, სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები უწყვეტ, 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს. ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ მაქსიმალურად შენარჩუნდეს ცენტრალურ და სტრატეგიულ ობიექტებთან მისასვლელი გზები,”- აცხადებს ვახტანგ ბერიძე.
უმაღლესი საბჭოს წევრი და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელები, დღეს, ერთ-ერთ მარტოხელა ქალბატონს ესტუმრნენ, სასურსათო პროდუქტები მიუტანეს და სახლის სახურავი გადაუთოვლეს.
ვახტანგ ბერიძის განცხადებით, ხულოს სოფლებში მერის წარმომადგენლები, საკრებულოს დეპუტატებთან და მოხალისეებთან ერთად, მოქალაქეებს საცხოვრებელი სახლების გადმოთოვლასა და სტიქიით გამოწვეული სირთულეების დაძლევაში ეხმარებიან. ამასთან, მოქალაქეების სამსახურშია და უწყვეტ, 24-საათიან რეჟიმში მუშაობს ხულოს მერიასთან არსებული საგანგებო სიტუაციების მართვის შტაბი.