„შუახევის მუნიციპალიტეტში, გადაუღებელი თოვლის მიუხედავად, ინტენსიურად იწმინდება გზები. სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულია ყველა შესაბამისი სამსახური, სპეცტექნიკა და ადამიანური რესურსი,“- აცხადებს აჭარის უმაღლესი საბჭოს აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ფრიდონ ფუტკარაძე, რომელიც მუნიციპალიტეტში არსებულ ვითარებას ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელებთან და სხვადასხვა სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.
უმაღლესი საბჭოს წევრის განცხადებით, თოვლის საფარი დაბალი ზონის სოფლებში ერთი მეტრია, ხოლო მაღალ ზონაში 1,5 მეტრს აჭარბებს. რთული მეტეოროლოგიური პირობების მიუხედავად, უწყვეტ რეჟიმში იწმინდება საავტომობილო გზები. სამუშაოებში აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის სპეცტექნიკასთან ერთად, ჩართულია მუნიციპალური სამსახურები და მათი სპეცტექნიკა, ადამიანური რესურსი და ყველა შესაბამისი სამსახური.
ფრიდონ ფუტკარაძის განცხადებით, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სოფლის ექიმებისა და თემის სამედიცინო პუნქტის ექთნების საქმიანობას, რომლებიც 24-საათიან კომუნიკაციაში არიან ადგილობრივ თვითმმართველობასა და შესაბამის უწყებებთან.
„ამ დროისთვის მუნიციპალიტეტში მძიმე ავადმყოფის შესახებ ინფორმაცია არ შემოსულა. სოფელ დარჩიძეებიდან ერთი ოჯახია გადმოყვანილი მაღალი ტემპერატურით. ადგილზე, სტაციონარში მოვინახულეთ პაციენტები, გავესაუბრეთ მკურნალ ექიმებს, მედიკოსებს და როგორც მათ აღნიშნეს, პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია,“- აცხადებს ფრიდონ ფუტკარაძე.
მისივე ინფრომაციით, ელექტროენერგია, გარდა წყალსაყრის ადმინისტრაციული ერთეულისა, მოსახლეობას შეუფერხებლად მიეწოდება. დაზიანების შემთხვევაში, კი ოპერატიულად მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები. მუნიციპალიტეტში დიდთოვლობის შედეგად შექმნილი ვითარებისა და სალიკვიდაციო სამუშაოების კოორდინირებულად წარმართვისთვის მუშაობს სტიქიის საგანგებო შტაბი, რომელიც შუახევის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებთან ერთად, დეტალურად განიხილავს და ხელმძღვანელობს საჭიროების შემთხვევაში გასატარებელ ოპერატიულ ღონისძიებებს. ამასთან, საგანგებო სიტუაციების მართვის შტაბი 24-საათიან რეჟიმში მუშაობს. მოქმედებს ცხელი ხაზიც : 599 85 20 80