საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, რომელსაც ამავე კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე - ლაშა სირაბიძე უძღვებოდა, 2025 წლის კორექტირებული რესპუბლიკური ბიუჯეტი განიხილეს. კანონის პროექტი ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა – ჯაბა ფუტკარაძემ წარმოადგინა.
პროექტის თანახმად, ბიუჯეტი 28 420, 0 ათასი ლარით იზრდება და 908 520,0 ათასი ლარით განისაზღვრება. იცვლება საბიუჯეტო ორგანიზაციების, მუნიციპალიტეტებისთვის განკუთვნილი ასიგნებების მოცულობა, ასევე საერთო რესპუბლიკური მნიშვნელობის გადასახდელები და შემოსულობები. გაზრდილი ბიუჯეტი მხარჯავი დაწესებულებების დაფინანსების ზრდის შესაძლებლობას იძლევა. ამდენად, 4,9 %-ით იზრდება და 150 029,0 ათასი ლარია ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ბიუჯეტი. 23 %-იანი მატება აქვს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს - უწყების ბიუჯეტი 80 მილიონ ლარს აჭარბებს, ხოლო სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიუჯეტში, რომელიც 36 მილიონ 820 ათასი ლარია, მუხლობრივი ცვლილებებია.
როგორც აღინიშნა, იცვლება აჭარის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესი და განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს რეორგანიზაციის შედეგად იქმნება კულტურის სამინისტრო. ახალი უწყების ბიუჯეტი - 43 522 ათასი ლარით განისაზღვრება. ამდენად, კანონის პროექტში, სათანადო ჩანაწერთან ერთად, შესაბამისი კოდებიც გაჩნდა. გაზრდილია განათლებისა და სპორტის სამინისტროს ბიუჯეტი, რომელიც 117 მილიონ ლარს აჭარბებს. ჯაბა ფუტკარაძის განცხადებით, ეკონომიკური ზრდის ტენდენცია, სამომავლოდ, რესპუბლიკური ბიუჯეტის მილიარდ ლარამდე გაზრდის რეალურ საფუძველს ქმნის.
ძირითადი საბიუჯეტო პარამეტრების, რეგიონისთვის მნიშვნელოვანი პროგრამებისა და პროექტების წარდგენის შემდეგ, ჯაბა ფუტკარაძემ უპასუხა კანონმდებელთა შეკითხვებს, მოისმინა მათი მოსაზრებები.
კომიტეტმა მხარი დაუჭირა საკითხზე რეგლამენტით გათვალისწინებული შემდგომი პროცედურების გაგრძელებას.