უმაღლესი საბჭოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომიტეტმა, დღის წესრიგის მცირედი ცვლილების შემდეგ, ოთხი საკითხი განიხილა.
სხდომაზე, რომელსაც ამავე კომიტეტის თავმჯდომარე - დავით ბაციკაძე უძღვებოდა, „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“, „აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში განათლების ხელშეწყობის შესახებ“ და „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2025 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ კანონებში შესატანი ცვლილებების პროექტები ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა - ჯაბა ფუტკარაძემ წარმოადგინა.
მომხსენებლის განცხადებით, პირველი და მეორე კანონის პროექტები, აჭარაში განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს რეორგანიზაციის შედეგად, ახალი, კულტურის სამინისტროს შექმნას ითვალისწინებს. უწყება 43 522 ათასი ლარით დაფინანსდება და ბიუჯეტის კანონის პროექტში, სათანადო ჩანაწერთან ერთად, შესაბამისი კოდებიც გაჩნდა. რაც შეეხება განათლებისა და სპორტის სამინისტროს, პროექტით, მისი ბიუჯეტი ასევე მზარდია და 117 მილიონ ლარს აჭარბებს.
ჯაბა ფუტკარაძემ, მესამე საკითხად 2025 წლის კორექტირებული რესპუბლიკური ბიუჯეტის პროექტი წარმოადგინა. კანონის პროექტით, ბიუჯეტი 28 420,0 ათასი ლარით იზრდება და 908 520,0 ათასი ლარით განისაზღვრება. ზრდაა მოსალოდნელი საშემოსავლო გადასახადებში, იზრდება მხარჯავი დაწესებულებებისა და მუნიციპალიტეტების ტრანსფერების რაოდენობა, გრძელდება ჯანდაცვისა და სოციალური, განათლებისა და სპორტის, კულტურის, სოფლის მეურნეობის მიმართულებით არსებული პროგრამებისა და პროექტების დაფინანსება, რეგიონისათვის მნიშვნელოვანი საინვესტიციო პროექტების განხორციელება.
კითხვა-პასუხის დასრულების შემდეგ, კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს საკითხებზე რეგლამენტით გათვალისწინებული შემდგომი პროცედურების გაგრძელებას.
სხდომაზე, ამავე კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ, ერთხმად აირჩიეს დავით თედორაძე.