24 თებერვალი

უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, რომელსაც ცოტნე ანანიძე უძღვებოდა, 2025 წლის კორექტირებული რესპუბლიკური ბიუჯეტის პროექტი განიხილეს. ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ ინიცირებული კანონის პროექტი ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა - ჯაბა ფუტკარაძემ წარმოადგინა.

პროექტის თანახმად, ბიუჯეტი 28 420, 0 ათასი ლარით იზრდება და 908 520,0  ათასი ლარით განისაზღვრება.  იცვლება საბიუჯეტო ორგანიზაციების, მინიციპალიტეტებისთვის განკუთვნილი ასიგნებების მოცულობა, ასევე საერთო რესპუბლიკური მნიშვნელობის გადასახდელები და შემოსულობები.  მომხსენებლის განცხადებით, გაზრდილი ბიუჯეტის ფარგლებში, დაგეგმილია ჯანდაცვისა და სოციალური, განათლებისა და სპორტის მიმართულებით არსებული პროგრამებისა და პროექტების დაფინანსების, რეგიონისათვის მნიშვნელოვანი საინვესტიციო პროექტების განხორციელება. ამასთან, იცვლება აჭარის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესი და   კულტურის სამინისტრო, რომელიც იქმნება განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს რეორგანიზაციის შედეგად  - 43 522 ათასი ლარით დაფინანსდება. ამდენად, კანონის პროექტში, ახალ ჩანაწერთან ერთად, შესაბამისი კოდებიც გაჩნდა.   

ძირითადი საბიუჯეტო პარამეტრების წარდგენის პარალელურად, მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროგრამებზე. მისი განცხადებით, უწყების ბიუჯეტი 15 მილიონი ლარით, ანუ 23 %-ით იზრდება და 80 მილიონ ლარს აჭარბებს.

კითხვა-პასუხის შემდეგ, მინისტრმა მოისმინა კანონმდებლების მოსაზრებები. ორივე კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონის პროექტთან დაკავშირებით რეგლამენტით გათვალისწინებული შემდგომი პროცედურების გაგრძელებას.