24 თებერვალი

უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა და აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე, რომელსაც მამუკა თურმანიძე უძღვებოდა,  2025 წლის რესპუბლიკურ ბიუჯეტში  შესატანი ცვლილებები განიხილეს. მთავრობის თავმჯდომარის - თორნიკე რიჟვაძის მიერ ინიცირებული კანონის პროექტი ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა წარმოადგინა.      

ჯაბა ფუტკარაძის განცხადებით, პროექტის მიხედვით,  2025 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტი კვლავ მზარდი ტენდენციით გამოირჩევა და  908 520,0 ათასი ლარით განისაზღვრება. ზრდაა მოსალოდნელი საშემოსავლო გადასახადების მიმართულებით, იზრდება მხარჯავი დაწესებულებებისა და ყველა მუნიციპალიტეტის ტრანსფერების რაოდენობა. 4,9 %-ით იზრდება და 150 029,0 ათასი ლარია ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ბიუჯეტი. 23 %-იანი მატება აქვს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს - უწყების ბიუჯეტი 80 მილიონ ლარს აჭარბებს, ხოლო სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიუჯეტში, რომელიც 36 მილიონ 820 ათასი ლარია, მუხლობრივი ცვლილებებია.

მომხსენებლის განცხადებით, აჭარის  კულტურის სამინისტრო, რომელიც იქმნება განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს რეორგანიზაციის შედეგად  - 43 522 ათასი ლარით დაფინანსდება და კანონის პროექტში ახალ ჩანაწერთან ერთად, შესაბამისი კოდებიც გაჩნდა. რაც შეეხება განათლებისა და სპორტის სამინისტროს, ბიუჯეტი ამ შემთხვევაშიც გაზრდილია და 117 მილიონ ლარს აჭარბებს.

ძირითადი საბიუჯეტო პარამეტრების წარდგენის შემდეგ, მინისტრმა ისაუბრა რეგიონისთვის მნიშვნელოვან მიმდინარე და დაგეგმილ პროგრამებსა და პროექტებზე, უპასუხა კანონმდებელთა შეკითხვებს, მოისმინა მათი მოსაზრებები და წინადადებები.

ორივე კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონის პროექტთან დაკავშირებით რეგლამენტით გათვალისწინებული შემდგომი პროცედურების გაგრძელებას.