აჭარის უმაღლეს საბჭოში 6 წევრისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას ხვალ, 12 თებერვალს, რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე ეყრება კენჭი. გადაწყვეტილება კანონმდებლებმა ბიუროს სხდომაზე მიიღეს, რომელსაც საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე - დავით გაბაიძე უძღვებოდა.
საკითხი, ბიუროს წევრებს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ - მამუკა თურმანიძემ წარუდგინა.
აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრები - ელგუჯა ბაგრატიონი, მიშა ბოლქვაძე, ედიშერ ჟღენტი, ლია ჯაყელი, გენადი თებიძე, მირდატ ქამადაძე, „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის”, „ძლიერი საქართველო-ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“და „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია, მელია, გირჩი, დროას“ წარმომადგენლები არიან. მათთვის უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხთან დაკავშირებით, საკომიტეტო განხილვა დასრულდა და მომზადდა შესაბამისი დასკვნები. განხილვამდე აღნიშნული პოლიტიკური გაერთიანების წევრებმა შესაბამისი განცხადებებით მიმართეს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს დავით გაბაიძეს.
ბიურომ, ასევე, განიხილა და ცნობად მიიღო უმაღლესი საბჭოს კომიტეტებსა და ფრაქციის შემადგენლობაში განხორციელებული ცვლილებები.