„ბათუმში სკვერების, პარკების მოწყობა-რეაბილიტაცია გრძელდება და წლის ბოლომდე ქალაქში კიდევ 20 რეკრეაციული სივრცის მოწყობა-მოწესრიგებაა დაგეგმილი“, - აღნიშნა აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ - რამაზ ჯინჭარაძემ გალაკტიონ ტაბიძის ქუჩის მიმდებარედ რეაბილიტირებული სკვერის დათვალიერების შემდეგ - საკანონმდებლო ორგანოს წევრმა, განახლებული რეკრეაციული სივრცე აჭარის მთავრობის მეთაურთან - თორნიკე რიჟვაძესთან, ქალაქ ბათუმის მერთან - არჩილ ჩიქოვანთან და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.
პროექტი 4000 კვადრატული მეტრი ფართობის რეაბილიტაცია-კეთილმოწყობას ითვალისწინებდა. შესაბამისი სამუშაოების დასრულების შემდგომ, აღდგენითი- სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდა გალაკტიონ ტაბიძის ძეგლს, სკვერი აღიჭურვა საპარკე ინვენტარით, საბავშვო ატრაქციონებით, ფანჩატურებით, მოეწყო სასეირნო ბილიკები.