07 თებერვალი

 უმაღლესმა საბჭომ, 12 ხმით, საკანონმდებლო ორგანოს წევრის - ლაშა სირაბიძის უფლებამოსილება ცნო. გადაწყვეტილება კანონმდებლებმა რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე მიიღეს, რომელსაც უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე - დავით გაბაიძე უძღვებოდა. ლაშა სირაბიძე საკანონმდებლო ორგანოში გამოკლებული წევრის - ტიტე აროშიძის ადგილმონაცვლეა. შესაბამისი დადგენილების პროექტი სხდომაზე საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ - მამუკა თურმანიძემ წარმოადგინა.

მომხსენებლის განცხადებით, გამოკლებული წევრის ადგილმონაცვლის თაობაზე, უსკოდან, სათანადო  პროცედურების შემდგომ, უმაღლეს საბჭოში შემოვიდა შესაბამისი დოკუმენტაცია, ასევე ლაშა სირაბიძის თანხმობა. განხილვის დასრულების შემდგომ, საკანონმდებლო ორგანოს ბიურომ საკითხი პლენარული სხდომისთვის მომზადებულად მიიჩნია.

ტექნიკური შესვენების შემდეგ, საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის  თავმჯდომარედ, 13 ხმით, ამავე კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე - მამუკა თურმანიძე აირჩიეს. მანამდე კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობას ტიტე აროშიძე იკავებდა, რომელსაც 2024 წლის 29 იანვარს ვადამდე შეუწყდა უფლებამოსილება.