23 ივნისი

         23 ივნისს გაიმართა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ხუთი კომისიის გაერთიანებული სხდომა, რომელსაც აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ წულაძე უძღვებოდა. სხდომას ესწრებოდნენ: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა სურმანიძე, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე რუსლან ქორიძე, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს უფროსის მოადგილე ვახტანგ ბაგრატიონი.

       ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა, აგრარულ და გარომოს დაცვის საკითხთა, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა, ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა, საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიების წევრებმა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრს რამაზ ბოლქვაძეს მოუსმინეს, რომელმაც სხდომაზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის ინფორმაცია წარმოადგინა ავტონომიური რესპუბლიკის სამინისტროებისა და უწყებების ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების შესახებ.

       მინისტრის განცხადებით, წარმოდგენილი ინფორმაცია პირველადი დოკუმენტია და მასთან დაკავშირებით წინადადებებისა და შენიშვნების  წარმოსადგენად საკანონმდებლო  ორგანოს ვადა 30 ივნისამდე აქვს განსაზღვრული. როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, მომავალი წლის ბიუჯეტი მაქსიმალურად იქნება დატვირთული შემოსავლების თვალსაზრისით და ის სამინისტროებსა და უწყებებს არაერთი ახალი პროგრამის განხორციელების საშუალებას მისცემს.

       მომხსენებელმა უპასუხა კანონმდებელთა შეკითხვებს, მოისმინა მათი შენიშვნები და წინადადებები.

       მინისტრის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია ხუთივე კომისიამ ცნობად მიიღო. საკითხს მხარი არ დაუჭირეს ოპოზიციის წარმომადგენლებმა.