21 ივნისი

     აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის პროექტი - „ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2017 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული ერთადერთი საკითხი იყო, რომელიც 21 ივნისს, უმაღლესი საბჭოს ხუთმა კომისიამ  ერთობლივ სხდომაზე განიხილა.

        ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა, აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა, ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა, საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიების გაერთიანებულ სხდომას  აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ნონა გალოგრე ესწრებოდა.

      კანონის პროექტი  უმაღლესი საბჭოს წევრებს  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა რამაზ ბოლქვაძემ წარუდგინა. მისი განცხადებით, რესპუბლიკური ბიუჯეტის შემოსულობების საპროგნოზო მაჩვენებელი, რომელიც 252 943,0 ათასი ლარით განისაზღვრა, 28 323,0 ათასი ლარით იზრდება. რაც შეეხება შემოსავლებს, ის დამტკიცებულ საპროგნოზო მაჩვენებელთან შედარებით, 19 163,0 ათასი ლარით იზრდება და ეს თანხა საშემოსავლო გადასახადსა და სხვა შემოსავლებზე ნაწილდება.

     მინისტრის მიერ წარმოდგენილი პროექტის თანახმად, რესპუბლიკური ბიუჯეტის გადასახდელების საპროგნოზო მაჩვენებელი მცირდება 8 800,0 ათასი ლარით და 2017 რესპუბლიკური ბიუჯეტის ასიგნებები 306 200,0 ათასი ლარით განისაზღვრება.

      მომხსენებელმა უპასუხა დეპუტატების შეკითხვებს, რომელთა ძირითადი ნაწილი ინფრასტრუქტურულ, საინვესტიციო,  ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროგრამებს შეეხებოდა. მინისტრმა არ გაიზიარა ოპოზიციის შენიშვნები რიგ საკითხებთან დაკავშირებით. ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ელგუჯა ბაგრატიონმა ხელისუფლება ბიუჯეტის არასწორად დაგეგმარებაში დაადანაშაულა.

        საბოლოოდ, კანონმდებლებმა მხარი დაუჭირეს კანონის პროექტის რიგგარეშე სესიაზე განხილვას. გადაწყვეტილებას მხარი არ დაუჭირეს ოპოზიციის წარმომადგენლებმა.

      5 კომისიის ერთობლივ სხდომას  უმაღლესი საბჭოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ვლადიმერ მგალობლიშვილი უძღვებოდა.