პარლამენტში აჭარის უმაღლესი საბჭოს ინიციატივა დამტკიცდა

16 ივნისი

    16 ივნისს, საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, პირველი მოსმენით განიხილეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საკანონმდებლო ინიციატივა „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე. პლენარულ სხდომაზე კანონის პროექტი მისმა ავტორმა, აჭარის უმაღლესი საბჭოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ ვლადიმერ მგალობლიშვილმა წარადგინა.
    როგორც საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ჯაშმა აღნიშნა, აჭარის უმაღლესი საბჭოს საკანონმდებლო ინიციატივა, პლენარულ სხდომამდე, პირველი მოსმენით, ერთხმად მოიწონეს კომიტეტის 9 ივნისის სხდომაზეც და მას მხარი დაუჭირეს როგორც უმრავლესობის, ისე ოპოზიციის წარმომადგენლებმა. საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა აჭარის უმაღლეს საბჭოს აქტიური თანამშრომლობისთვის და კოლეგებს კანონის პროექტის მხარდაჭერისაკენ მოუწოდა.
    თავისი პოზიცია გამოხატა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა სერგო რატიანმა. მისი განცხადებით, კანონის პროექტი უდავოდ წინ გადადგმული ნაბიჯია და ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამისი უწყებების უფლებამოსილებების სრულყოფილად განხორციელებაზეა ორიენტირებული.
საბოლოოდ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საკანონმდებლო ინიციატივას, პირველი მოსმენით, 84 დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

განცხადებები