16 ივნისი

         აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, უმაღლესი საბჭოს დეპუტატები დავით თედორაძე და ილია ვერძაძე, 16 ივნისს, არასამთავრობო ორგანიზაცია  „ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისთვის“ მიერ ორგანიზებულ შეხვედრას დაესწრნენ.

       ღონისძიებაზე, რომელზეც რეგიონის საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე მთავარი მომხსენებლის სტატუსით იყო მიწვეული, აღინიშნა, რომ „ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისათვის“ ორგანიზებით, 2017 წლის 6 ივნისიდან, საქართველოში ახალი კამპანია დაიწყო ქალთა პოლიტიკაში მონაწილეობის იდეის პოპულარიზაციისა და მამაკაცების მხრიდან ქალი კანდიდატების მხარდაჭერის მიზნით. შეხვედრას ქალაქ ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვი, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ლაშა კომახიძე, აჭარის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა მინისტრი ზაალ მიქელაძე, სხვადასხვა პროფესიის, სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციებში, პოლიტიკური პარტიებსა და მედიაში მომუშავე მამაკაცები დაესწრნენ.

      სტუმრებმა მოისმენეს მოკლე მოხსნებები ქალთა პოლიტიკაში მონაწილეობის მნიშვნელობასა და მამაკაცების როლზე ქალთა პოლიტიკური გაძლიერების საქმეში, რის შემდეგაც გაიმართა დისკუსია.

       შეხვედრის დასასრულს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ აღნიშნა, რომ ხელისუფლების ზედა ეშელონებში ქალები არასათანადო რაოდენობით  არიან წარმოდგენილები, თუმცა სრულიად სხვა სურათია სამინისტროების სხვადასხვა დეპარტამენტებში, სადაც ისინი საკმაოდ სჭარბობენ მამაკაცებს.

       „ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისათვის“  ქალთა პოლიტიკურ მხარდაჭერაზე გათვლილ ახალ კამპანიას პროექტის -„თანასწორობა იგებს’’ ფარგლებში, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) მხარდაჭერით  ახორციელებს.