15 ივნისი

        15  ივნისს  გაიმართა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი  საბჭოს  საგაზაფხულო  სესიის  ბოლო პლენარული სხდომა.

       აჭარის  ავტონომიური  რესპუბლიკის  უმაღლესი  საბჭოს  თავმჯდომარემ დავით  გაბაიძემ  დეპუტატებს  დღის  წესრიგის პროექტი წარუდგინა,  რომლის დამტკიცების შემდეგ,  განცხადებები  გააკეთეს  ფრაქცია "ერთიანი  ნაციონალური  მოძრაობის" წევრებმა -  ელგუჯა  ბაგრატიონმა  და  გიორგი აბულაძემ. მათ  განმარტებები  მოითხოვეს  14  ივნისის  ბიუროს სხდომაზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, რასაც კამათი და ხმაური  მოჰყვა.

       დღის წესრიგის პირველი საკითხი  - აჭარის ავტონომიური  რესპუბლიკის  კანონის  პროექტი "აჭარის  ავტონომიური  რესპუბლიკის ქონების  მართვისა  და  განკარგვის  შესახებ"  აჭარის  ავტონომიური  რესპუბლიკის  კანონში  ცვლილების  შეტანის  თაობაზე აჭარის  ავტონომიური  რესპუბლიკის  ფინანსთა  და ეკონომიკის  მინისტრმა  რამაზ  ბოლქვაძემ წარმოადგინა. 

         საკითხის განხილვა  კითხვა - პასუხის  რეჟიმში  გაგრძელდა. ოპოზიციამ მინისტრს მათ  მიერ  მომზადებული  წინადადებების გაუთვალისწინებლობის გამო უსაყვედურა  და პროექტში მათი ასახვა მოითხოვა. თანამომხსენებლის,  უმაღლესი  საბჭოს  საფინანსო-საბიუჯეტო  და  ეკონომიკურ  საკითხთა  კომისიის  თავმჯდომარის  გიორგი  რომანაძის  განმარტებით,  უმცირესობის წინადადებების გათვალისწინება  ქონების  მართვასა  და  განკარგვასთან  დაკავშირებულ  პროცესებს  კიდევ უფრო  გაართულებს.  უმრავლესობამ  კანონპროექტი  პირველი  მოსმენით  მიიღო.

      უმაღლესი  საბჭოს  საკონსტიტუციო, იურიდიულ  და  საპროცედურო  საკითხთა  კომისიის  თავმჯდომარის  ნინო ჩხეტიას  მიერ  წარმოდგენილი  საკანონმდებლო  პაკეტი, რომელიც მოიცავს: ა)  აჭარის  ავტონომიური  რესპუბლიკის  კანონის  პროექტს "აჭარის  ავტონომიური  რესპუბლიკის  ნორმატიული  აქტების  შესახებ";  ბ)  აჭარის  ავტონომიური  რესპუბლიკის  უმაღლესი  სააბჭოს  რეგლამენტის  პროექტს  " აჭარის  ავტონომიური  რესპუბლიკის  უმაღლესი  საბჭოს  რეგლამენტში  ცვლილების  შეტანის  შესახებ" - მესამე  მოსმენით განიხილეს. წარმოდგენილ საკანონმდებლო პაკეტს ცამეტმა  დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

     აჭარის  ავტონომიური  რესპუბლიკის  უმაღლესი საბჭოს  დადგენილების  პროექტს - "აჭარის  ავტონომიური  რესპუბლიკის  უმაღლესი  საბჭოს  მიერ  საზოგადოებრივი  მაუწყებლის  აჭარის  ტელევიზიისა  და  რადიოს  მრჩეველთა  საბჭოს  2016  წლის  საქმიანობის  ანგარიშის  განხილვის  პროცედურის  განსაზღვრის  შესახებ", რომელიც   აჭარის ავტონომიური  რესპუბლიკის  უმაღლესი  საბჭოს  საკონსტიტუციო, იურიდიულ  და  საპროცედურო  საკითხთა  კომისიის  თავმჯდომარემ  ნინო  ჩხეტიამ  წარმოადგინა, დეპუტატები  სექტემბრამდე, საშემოდგომო  სესიის  დაწყებამდე, რიგგარეშე  სესიაზე  უყრიან კენჭს.

      პლენარული სხდომით საგაზაფხულო სესია დაიხურა. დარბაზში აჟღერდა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი.