14 ივნისი

      აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, თავმჯდომარის მოადგილე მერაბ კარანაძე, უმაღლესი საბჭოს წევრები: ილია ვერძაძე, ნუგზარ სურმანიძე, ცოტნე ანანიძე, გიორგი მანველიძე და უმაღლესი საბჭოს აპარატის თანამშრომლები, 14 ივნისს,  სასტუმრო “ინტურისტის”  საკონფერენციო დარბაზში,  სამოქალაქო განათლების პროგრამის - „მომავლის თაობა“    შემაჯამებელ ღონისძიებას დაესწრნენ.

   რეგიონში პარტნიორი სკოლების სამოქალაქო განათლების კლუბების წევრებმა, ასევე, ბათუმის განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრმა  3- წლიანი პროექტი შეაჯამეს.

   2016 წლის სექტემბრიდან დღემდე  კლუბების წევრებმა   100-ზე მეტი  სამოქალაქო ინიციატივა და 7 მცირე საგრანტო პროექტი განახორციელეს. გაიმართა აქციები, რომელთა ფარგლებშიც მოსწავლეებმა სათემო პრობლემები აღმოაჩინეს და  გადაჭრეს.  

      ღონისძიება პროგრამის - „მომავლის თაობა“ ფარგლებში იყო ორგანიზებული. პროგრამას  ამერიკული ორგანიზაცია PH International, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით ახორციელებს. იგი აჭარაში  ბათუმის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის მიერ რეალიზდება. მისი მიზანი  სამოქალაქო განათლების სასკოლო პროგრამის ხარისხის გაუმჯობესება და   დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობის პროცესში ახალგაზრდების გააქტიურებაა.

     ღონისძიებაზე, აქტიური თანამშრომლობისა და თანადგომისათვის სპეციალური სიგელით დაჯილდოვდნენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისია, მისი აპარატი და უმაღლესი საბჭოს ცალკეული დეპუტატები.

      უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ მერაბ კარანაძემ სამოქალაქო განათლების პროგრამის ხელმძღვანელს მაია ქათამაძეს, პროგრამის ორგანიზატორებს მადლობა გადაუხადა, შემდგომი წარმატებები უსურვა და სამომავლოდ მხარდაჭერა აღუთქვა.